„ბლუმბერგი“ - ტრამპმა, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, შესაძლოა, შიდა უსაფრთხოების მდივნის თანამდებობა ანტიუკრაინული განწყობების ვივეკ რამასვამს შესთავაზოს
„ბლუმბერგი“ - ტრამპმა, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, შესაძლოა, შიდა უსაფრთხოების მდივნის თანამდებობა ანტიუკრაინული განწყობების ვივეკ რამასვამს შესთავაზოს

დონალდ ტრამპმა, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, შესაძლოა, ქვეყნის შიდა უსაფრთხოების მდივნის თანამდებობა ანტიუკრაინული განწყობების მქონე ვივეკ რამასვამს შესთავაზოს, – ინფორმაციას ამის შესახებ „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

მანამდე ცნობილი იყო, რომ რამასვამი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე განიხილებოდა, თუმცა როგორც გამოცემას ანონიმურმა წყარომ განუცხადა, რამასვამს თავად ტრამპმა განუცხადა, რომ მის კანდიდატურას შიდა უსაფრთხოების მდივნის თანამდებობაზე განიხილავდა.

ტრამპის მომხრეები აცხადებენ, რომ რამასვამი იდეალური კანდიდატია ამ თანამდებობისთვის, რადგან აქვს საჯარო გამოსვლების დიდი გამოცდილება, არის ინდოელი მიგრანტების ოჯახიდან, რამაც, შესაძლოა, გაანეიტრალოს მიგრაციის შეზღუდვებთან დაკავშირებული კრიტიკა.

ვივეკ რამასვამი აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი იყო, თუმცა დონალდ ტრამპმა მისი დამარცხება შეძლო. ის რესპუბლიკელ მხარდამჭერებს შორის პოპულარობის მხრივ პირველ სამეულში იყო. რამასვამი ანტიუკრაინული განცხადებებით გამოირჩევა, მაგალითად, ზაფხულში ერთ-ერთ გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთ-უკრაინაზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ აღიარებდა რუსეთის კონტროლს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და დაბლოკავდა უკრაინის კანდიდატურას ნატო-ში, რის სანაცვლოდაც რუსეთი ჩინეთის სამხედრო ალიანსიდან უნდა გასულიყო. რამასვამი ასევე ამბობდა, რომ  გააუქმებდა სანქციებს და დააბრუნებდა რუსეთს მსოფლიო ბაზარზე.