„ბლუმბერგი“ - რუსეთი ნავთობის ექსპორტს დასავლეთის სანქციების გვერდის ავლით ახდენს
„ბლუმბერგი“ - რუსეთი ნავთობის ექსპორტს დასავლეთის სანქციების გვერდის ავლით ახდენს

გავლენიანი გამოცემა „ბლუმბერგის“ ცნობით, რუსეთმა მიაგნო გზას, რომ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლით მოახდინოს ნავთობის ექსპორტი.

როგორც გამოცემა წერს, რუსეთი ნავთობის გადაზიდვისთვის ეგვიპტეს, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე ელ-ჰამრას ტერმინალს იყენებს.

„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, მხოლოდ 24 ივლისს ამ ტერმინალში 700 ათასი ბარელი რუსული ნავთობი ტანკერ Crested-ით ჩაიტანეს. შემდეგ აღნიშნული ნავთობის ნაწილი მაინც სხვა გემზე გადაიტანეს.

გამოცემის ცნობით, ელ ჰამრას ტერმინალი იძლევა საშუალებას, რომ რუსული ნავთობი ადგილობრივს შეურიონ. სააგენტო წერს, რომ რუსული ნავთობის გადაზიდვა დღითიდღე მეტად მალულად ხდება, რადგან ევროპელი მყიდველები ცდილობენ, რუსულ ნავთობს თავი აარიდონ.

ამასთან, ივნისში ამერიკული გაზეთი „უოლ სთრით ჯორნალი“ წერდა, რომ ნავთობით მოვაჭრეები პოულობენ გზებს, რომ რუსული შავი ოქრო აშშ-ში მაინც ჩაიტანონ. მაგალითისთვის, ისინი მალავენ, რომ საწვავში რუსული ნავთობია გამოყენებული. „უოლ სთრით ჯორნალის“ ცნობით, მაისის თვეში რუსეთში წარმოებული ნავთობი ნიუ იორკში და ნიუ ჯერსიში მოხვდა. ის აშშ-ში სუეცის არხის გავლით, ინდოეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებიდან ჩაიტანეს.

როგორც მედია იუწყება, რუსეთში მოპოვებული ნავთობის ერთი გემიდან მეორეზე გადაქაჩვა ხდება ხმელთაშუა და შავ ზღვაში, ასევე დასავლეთ აფრიკის სანაპიროზე, შემდეგ ის ჩააქვთ არა მხოლოდ ჩინეთში და ინდოეთში, არამედ ევროპაშიც.