„ბლუმბერგი“ - რუსეთი განიხილავს უკრაინასთან ნაწილობრივი საჰაერო ზავის შესაძლებლობას, როგორც „ტრამპისთვის დათმობაზე წასვლას“, თუმცა კვლავ არ თანხმდება ცეცხლის სრულ შეწყვეტას
რუსეთი განიხილავს უკრაინასთან ნაწილობრივი საჰაერო ზავის შესაძლებლობას, დრონებითა და რაკეტებით იერიშების შეწყვეტას, როგორც „ტრამპისთვის დათმობაზე წასვლას“, თუმცა ომი გაგრძელდება, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.
როგორც „ბლუმბერგი“ რუს ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, ამ ნაბიჯის მიზანია, რუსეთმა შეამსუბუქოს ზეწოლა აშშ-ის შესაძლო სანქციებისგან, რომლებიც დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ვადის, 8 აგვისტოს შემდეგ არის მოსალოდნელი.
„ერთ-ერთი შესაძლო წინადადება შეიძლება იყოს საჰაერო დარტყმების შეჩერება, როგორც დეესკალაციის ჟესტი იმ პირობით, რომ უკრაინაც ხელს მოაწერს შეთანხმებას“, – წერს „ბლუმბერგი“.
ამასთან, გამოცემის წყაროს ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიზნები უკრაინის წინააღმდეგ ომში არ შეცვლილა და რუსეთი კვლავ არ თანხმდება სრულ ცეცხლის შეწყვეტას.
ცნობისთვის, 8 აგვისტოს იწურება იმ ულტიმატუმის ვადა, რომელიც დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს დაუწესა უკრაინაში ომის შეწყვეტისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-ის ლიდერი აცხადებს, რომ რუსეთს – ახალ სანქციებს, ხოლო მოსკოვის სავაჭრო პარტნიორებს 100%-იან ტარიფებს დაუწესებს.