„ბლუმბერგი“ – ჯორჯია მელონი ევროკავშირს მოუწოდებს, განიხილოს, ვინ უნდა წარმოადგენდეს ბლოკს რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში და რა მანდატით
იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ ევროკავშირს მოუწოდა, განიხილოს, ვინ უნდა წარმოადგენდეს ბლოკს რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში და რა მანდატით.
ამის შესახებ „ბლუმბერგი“ იტყობინება.
მედიის ცნობით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიუ კოშტასადმი გაგზავნილ წერილში მელონი აღნიშნავს, რომ საკითხი მომავალ კვირას დუბლინში დაგეგმილ არაფორმალურ სამიტზე უნდა განიხილონ. კოშტა ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერების შეხვედრებს თავმჯდომარეობს.
მელონის თქმით, არსებული მიდგომა, როდესაც ევროკავშირის ინტერესებს სხვადასხვა მომლაპარაკებელი სხვადასხვა ფორმატში წარმოადგენს, ევროკავშირის ავტორიტეტს აზიანებს.
„დარწმუნებული ვარ, ყველას გვესმის, როდესაც ვქმნით შთაბეჭდილებას, თითქოს ევროპა კოორდინაციის გარეშე მოქმედებს, ამით მხოლოდ ხელს ვუმართავთ მათ, ვისაც ამ ომის გაგრძელება სურს. ეს მიუღებელია, რადგან სასწორზე ადამიანების სიცოცხლე და ჩვენი უსაფრთხოების მომავალი დევს“, – წერს მელონი.