„ბლუმბერგი“ – ირანს რაკეტებისა და დრონების მარაგის შევსება შეუძლია და რაკეტებს რუსეთისგან იღებს

15:25, 10.10.2026

ირანს რაკეტებისა და დრონების მარაგის შევსება შეუძლია და რაკეტებს რუსეთისგან იღებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

საკითხთან დაკავშირებული ოფიციალური პირების თქმით, ირანმა მოახერხა თავისი რაკეტებისა და დრონების ქარხნების შენარჩუნება აშშ-ისა და ისრაელის მხრიდან თვეების გამავლობაში დაბომბვის მიუხედავად, რამაც მას საშუალება მისცა, შეავსოს თავისი არსენალი.

დასავლელი ოფიციალური პირების განცხადებით, თეირანს კვლავ შესწევს უნარი, აწარმოოს იარაღი საკუთარი არსენალის შესავსებად. ერთ-ერთმა მათგანმა აღნიშნა, რომ ირანი კვლავ ფლობს ბალისტიკური რაკეტებისა და გემსაწინააღმდეგო შეიარაღების მნიშვნელოვან მარაგს და შეუძლია, სწრაფად აწარმოოს დამატებითი რაოდენობა. დასავლელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ირანს რუსეთიც აწვდის რაკეტებს.

„ბლუმბერგის“ თანახმად, ირანის შესაძლებლობების შეფასება ეწინააღმდეგება ტრამპისა და მისი გუნდის არაერთგზის გაკეთებულ განცხადებებს, თითქოს რვა თვის განმავლობაში განხორციელებულმა საჰაერო დარტყმებმა გაანადგურა ირანის უნარი, საფრთხე შეუქმნას აშშ-ის ბაზებს რეგიონში და ამერიკის მოკავშირეებს.

ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის სამხედრო ძალები „სრულად არის განადგურებული“, ხოლო 30 სექტემბერს ომის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა აღნიშნა, რომ აშშ-მა გაანადგურა ირანის „სამხედრო-სამრეწველო პოტენციალი“ და „მთლიანი თავდაცვითი ბაზა“.

გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მონაცემებით, თეირანმა გააძლიერა თავდასხმები ჰორმუზის სრუტის მიმდებარედ მოძრავ გემებზე და გასული კვირის განმავლობაში, სულ მცირე, ათ ხომალდს მიაყენა დარტყმა.

მსგავსი