„ბლუმბერგი“ - ევროპული ქვეყნები უკრაინასთან ერთად მუშაობენ 12-პუნქტიან წინადადებაზე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებას ისახავს მიზნად
ევროპული ქვეყნები უკრაინასთან ერთად მუშაობენ 12-პუნქტიან წინადადებაზე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებას ისახავს მიზნად. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ ავრცელებს ინფორმაციას.
გამოცემა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ გეგმის განხორციელებას, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თავმჯდომარეობით, სამშვიდობო საბჭო გააკონტროლებს.
12-პუნქტიანი წინადადება მოიცავს ორივე მხარის ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმებას, საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას, ყველა დეპორტირებული ბავშვის უკრაინაში დაბრუნებას და ტყვეების გაცვლას.
ასევე, აღნიშნული გეგმა ითვალისწინებს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს, ომის შედეგად მიყენებული ზიანის აღსადგენად სახსრებს და ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანების გზას.
წინადადების თანახმად, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მოიხსნება, თუმცა ცენტრალური ბანკის გაყინული რეზერვებიდან დაახლოებით 300 მილიარდი დოლარი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაბრუნდება, თუ მოსკოვი უკრაინის ომის შემდგომ რეკონსტრუქციაში წვლილის შეტანას დათანხმდება. როგორც მედია წერს, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინას თავს ხელახლა დაესხმება, ყველა შეზღუდვა აღდგება.
ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ მოსკოვი და კიევი ოკუპირებული ტერიტორიების მართვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს დაიწყებენ, თუმცა არც ევროპა და არც უკრაინა არცერთ ოკუპირებულ ტერიტორიას იურიდიულად რუსეთის საკუთრებად არ აღიარებს.
„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, გეგმის დეტალები ჯერ კიდევ დაზუსტების პროცესშია და შეიძლება მისი პუნქტები შეიცვალოს. გამოცემა წერს იმასაც, რომ წინადადება ვაშინგტონის მხარდაჭერას მოითხოვს და, შესაძლოა, ევროპელი ოფიციალური პირები მიმდინარე კვირაში აშშ-ს ეწვიონ.
როგორც მედია იუწყება, 12-პუნქტიანი გეგმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოწოდებებს იმეორებს, თუმცა რუსეთი ომის უკვე არსებულ ფრონტის ხაზზე გაჩერებასა და კონფლიქტის არსებული ხაზებით გაყინვას ამ დრომდე არ თანხმდება.