„ბლუმბერგი“ - აშშ-ს უკრაინისგან ომის წარმოების მკაფიო გეგმა სურს, მოსალოდნელია, რომ სამხედრო სტრატეგიის საკითხს დავოსში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას დააყენებენ
აშშ-ს უკრაინისგან ომის წარმოების მკაფიო გეგმა სურს და როგორც მოსალოდნელია, სამხედრო სტრატეგიის საკითხს დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას, მომავალ კვირას დააყენებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ბლუმბერგი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, როგორც მოსალოდნელია, აღნიშნულ საკითხს ზლენსკისთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი განიხილავს. კერძოდ, „ბლუმბერგს“ ანონიმურმა წყაროებმა განუცხადეს, რომ აშშ-ში შეშფოთებულები არიან ზელნსკისა და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, ვალერი ზალუჟნის შორის უთანხმოებების გამო და ფიქრობენ, რომ ეს აფერხებს ახალი სტრატეგიის შემუშავების ძალისხმევას.
ამასთან, როგორც გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აშშ-ს სურს, განსაზღვროს, როგორ მიმართოს თავისი მხარდაჭერა, რათა უკეთესად დაეხმაროს უკრაინას, დაიცვას საკუთარი თავი. კიევის მოკავშირეები ფიქრობენ, რომ მკაფიო სამხედრო სტრატეგიის შემუშავება გადამწყვეტია ამჟამინდელი პოზიციების დასაცავად და რუსეთის თავდაცვის ხაზების გასარღვევად.