„ბლუმბერგი“ – აშშ-მა მოკავშირეები გააფრთხილა, რომ შეიარაღების ძირითადი სახეობების მათთვის მიწოდება, სავარაუდოდ, ხუთი წლით შეფერხდება
აშშ-მა მოკავშირეები გააფრთხილა, რომ შეიარაღების ძირითადი სახეობების მათთვის მიწოდება, სავარაუდოდ, ხუთი წლით შეფერხდება, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
მაღალჩინოსნების ცნობით, ევროპული ქვეყნები ელოდებიან, რომ ძირითადი სარაკეტო სისტემებისა და საჰაერო თავდაცვის საშუალებების მიწოდება გადაიდება, რადგან აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა საკუთარი არსენალი ირანთან ომის დროს ამოწურეს.
„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, გერმანიამ აშშ-ს სთხოვა, დაეჩქარებინა შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებისა და „ტაიფუნის“ ტიპის სისტემების მიწოდება, თუმცა, როგორც სააგენტო აღნიშნავს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მწარმოებელი კომპანია მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში შეასრულებს შეკვეთას.
ამასთან, როგორც წყაროები აცხადებენ, ამერიკულ სისტემებზე დამოკიდებული აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყნისთვის იარაღის მიწოდება უკვე შეფერხდა მას შემდეგ, რაც 28 თებერვალს აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ომი დაიწყეს.
„ბლუმბერგი“ აღნიშნავს, რომ პენტაგონის გადაწყვეტილება, პრიორიტეტი საკუთარ მარაგებზე გააკეთოს, ართულებს უკრაინის მცდელობებსაც აშშ-მა მათ მეტი „პეტრიოტის“ ტიპის რაკეტები გაუგზავნოს, ვიდრე ზამთარი დადგება. უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის საკითხი მომავალ კვირას, გაერო-ს სხდომებზე, ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება.
მარაგების დეფიციტი მხოლოდ აშშ-სა და ევროპას არ ეხება. აპრილში აშშ-მა იაპონიას აცნობა, რომ „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტების მიწოდება ორ წლამდე დაგვიანდება.
ამასთან, წყაროების ცნობით, აშშ მაინც განაგრძობს იმ შეიარაღების მიწოდებას, რომელსაც ევროპელი მოკავშირეები უკრაინისთვის ნატო-სა და ევროკავშირის ინიციატივების ფარგლებში ყიდულობენ.