„ბლუმბერგი“ – აშშ უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შესყიდვის პროგრამის დასაფინანსებლად ნატო-ს მოკავშირეებს დამატებითი თანხის გამოყოფას სთხოვს
ამერიკის შეერთებული შტატები ნატო-ს მოკავშირეებს უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შესყიდვის პროგრამის დასაფინანსებლად დამატებითი თანხის გამოყოფას სთხოვს.
„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, შესაბამისი თხოვნა, შესაძლოა, მოკავშირეებს მიმდინარე თვეში გაეგზავნოთ. PURL პროგრამა უკრაინის პრიორიტეტული საჭიროებების ჩამონათვალს ითვალისწინებს, რომლის ფარგლებშიც ევროპელი მოკავშირეები უკრაინისთვის ამერიკულ იარაღს ყიდულობენ.
თანხის ოდენობა, რომლის გამოყოფასაც აშშ მოკავშირეებს სთხოვს, ჯერჯერობით უცნობია. გამოცემის წყაროების ცნობით, უკვე დამტკიცებული პაკეტების დასაფინანსებლად დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის დეფიციტია.
ამასთან, წყაროების ინფორმაციით, დონალდ ტრამპის განცხადებებსა და რეალურ დახმარებას შორის შეუსაბამობამ მოკავშირეებში დაბნეულობა გამოიწვია, რაც ზოგჯერ ართულებდა მათ დარწმუნებას, რომ უკრაინისთვის ახალი იარაღის შესაძენად დამატებითი თანხები გამოეყოთ.
ცნობისთვის, გასულ თვეს აშშ უკრაინას რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების საპასუხოდ PURL პროგრამის ფარგლებში იარაღის მიწოდების შეჩერებით დაემუქრა, თუმცა პროგრამა გაგრძელდა.