„ბლექ სი პეტროლიუმი“ – აქტიურად მიმდინარეობს ნედლი ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაცია, კომპანია კონსტრუქციულად თანამშრომლობს ევროკომისიასა და სხვა შესაბამის ინსტიტუტებთან
შპს „ბლექ სი პეტროლიუმი“ ადასტურებს, რომ აქტიურად მიმდინარეობს დაგეგმილი ნედლი ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაცია, – ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2026 წლის პირველ ივლისს „ბლექ სი პეტროლიუმმა“ განაცხადა, რომ 2026 წლის აგვისტო-სექტემბრიდან კომპანია დაიწყებდა სრულად არარუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებას. კომპანიის განცხადებით, ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ უკვე ივლისის თვეში მიიღო და გადაამუშავა ყაზახური წარმოშობის ნედლი ნავთობი, რასაც აგვისტოს თვეშიც გააგრძელებს.
„2026 წლის 3 ივლისს „ბლექ სი პეტროლიუმსა“ და საერთაშორისო სავაჭრო კომპანიას შორის გაფორმებული ნედლი ნავთობის მიწოდების ხელშეკრულების ფარგლებში, 20-დან 30 აგვისტომდე პერიოდში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ლიბიური წარმოშობის ნედლ ნავთბოს მიიღებს. აღნიშნული ხელშეკრულება ძალაშია 2027 წლის ბოლომდე და ითვალისწინებს ვადის გახანგრძლივების შესაძლებლობას.
2026 წლის 24 ივლისს გამართულ პრესბრიფინგზე, ევროკომისიამ განაცხადა, რომ „ბლექ სი პეტროლიუმი“ მათთან აქტიურ კომუნიკაციაშია და განმარტა, რომ ექვსთვიანი გარდამავალი პერიოდი სწორედ კომპანიის მიერ რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლების შესაძლებლობისთვის არის განკუთვნილი. ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები სრულ თანხვედრაშია აღნიშნულ მიზანსა და ვადებთან.
„ბლექ სი პეტროლიუმი“ განაგრძობს ნედლეულის დივერსიფიკაციის გეგმის განხორციელებას, კონსტრუქციულად თანამშრომლობს ევროკომისიასთან და სხვა შესაბამის ინსტიტუტებთან, წარმოადგენს დივერსიფიკაციის გეგმის პროგრესის დამადასტურებელ ცხად და გადამოწმებად მტკიცებულებებს.
კომპანია ერთგული რჩება საკუთარი პრინციპებისადმი – მოქმედებს ყველა მოქმედი კანონისა და მარეგულირებელი მოთხოვნების შესაბამისად, აძლიერებს შიდა მმართველობის და კონტროლის მექანიზმებს, წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებასა და ენერგოუსაფრთხოებაში.
აღნიშნული ზომების ერთობლიობა გამიზნულია სრულად არარუსულ ნედლეულზე შეუფერხებელი გადასვლის, ქარხნის ოპერირების უწყვეტი და სტაბილური ფუნქციონირებისათვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.