ბიზნესგამოცემა Verslo žinios-ის ინფორმაციით, 2025 წლის პირველ ნახევარში ლიეტუვის იმპორტი ჩინეთიდან 36%-ით გაიზარდა
ბიზნესგამოცემა Verslo žinios-ის ინფორმაციით, 2025 წლის პირველ ნახევარში ლიეტუვის იმპორტი ჩინეთიდან 36%-ით გაიზარდა

ბიზნესგამოცემა Verslo žinios-ი იუწყება, რომ ლიეტუვამ, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჩინეთიდან პირდაპირი გზით 36%-ით მეტი საქონლის იმპორტი განახორციელა, რომლის ღირებულებამ 1.16 მილიარდი ევრო შეადგინა.

ასეთი ზრდა ევროკავშირში სიდიდით მეორე იყო სლოვენიის შემდეგ, სადაც 39.7%-იანი მატება დაფიქსირდა. მთლიანად ევროკავშირში ჩინეთიდან იმპორტი, საშუალოდ, 13%-ით გაიზარდა.

საერთო ჯამში, იანვრიდან ივნისის ჩათვლით ლიეტუვამ 2.2 მილიარდი ევროს ღირებულების ჩინური წარმოშობის საქონელი შეიტანა. აქედან დაახლოებით ერთი მილიარდი ევროს ღირებულების საქონელი ქვეყანაში ირიბად, სხვა ქვეყნების გავლით შევიდა.

ეკონომისტების თქმით, იმპორტის ზრდა განაპირობა მზარდმა სამრეწველო წარმოებამ და ინვესტიციებმა, ასევე, აშშ-ის მიერ ჩინურ საქონელზე დაწესებულმა ტარიფებმა, რამაც ევროპისთვის მეტი შეკვეთის საჭიროება წარმოშვა. მათივე განმარტებით, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ლიეტუვის მრეწველობას მეტი ჩინური კომპონენტი დასჭირდა.