ბიუროს სხდომაზე დღეს ახალი ფრაქციების შემადგენლობას დაამტკიცებენ
ბიუროს სხდომაზე დღეს ახალი ფრაქციების შემადგენლობას დაამტკიცებენ

ახალი საპარლამენტო ფრაქციების შემადგენლობა დღეს გახდება ცნობილი. ფრაქციების საკითხს ჯერ საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე, შემდეგ კი ბიუროს სხდომაზე განიხილავენ.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აცხადებენ, გადაწყვეტილია, რომ საკანონმდებლო ორგანოში დამატებით ორი ფრაქცია შეიქმნება.

„ბიუროს სხდომა ფრაქციების ახალ შემადგენლობასაც დაამტკიცებს. იქამდე კომიტეტის სხდომა უნდა ჩატარდეს, პროცედურების შესაბამისად იქნება მსჯელობა კომიტეტზე. შეთანხმება პრაქტიკულად დასრულებულია, დარჩენილი იყო წმინდა ტექნიკური საორგანიზაციო საკითხები და კონკრეტული გვარები. ის რომ ფრაქციების ფორმირება დასრულდება და ამაზე მსჯელობა ბიუროს სხდომაზე იქნება, უკვე შევთანხმდით“- განაცხადა ეკა ბესელიამ.

საპარლამენტო უმრავლესობამ პარლამენტში დამატებით ორი ფრაქციის შემქნა დაახლოებით ერთი კვირის წინ დააანონსა. გეგმის თანახმად, ყველაზე მსხვილ ფრაქციას „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ ორი ცალკე ფრაქცია გამოეყოფა. არსებული ინფორმაციით, ერთ მათგანს გოჩა ენუქიძე, მეორეს კი ბიძინა გეგიძე უხელმძღვანელებენ. მმართველ გუნდში დაპირისპირებას გამორიცხავენ და განმარტავენ, რომ დამატებითი ფრაქციების შექმნა უკეთესი მართვისა და კოორდინაციისთვის გახდა საჭირო. ორივე ფრაქციის შემქმნა საგაზაფხულო სესიისთვის იგეგმება, რაც იმას ნიშნავს, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში გაერთიანებული ფრაქციების რაოდენობა გაზაფხულისთვის 6-დან 8-მდე გაიზრდება.