ბითაძის 13 წუთი „ბრუკლინთან“ წაგებულ შეხვედრაში - გოგამ მეტოქეს სამჯერ დაუფარა [ვიდეო]
გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი შეხვედრა გამართა. ამჯერად ლიგის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტს „ბრუკლინ ნეტსს“ დაუპირისპირდა და 94:104 დამარცხდა.
ქართველმა კალათბურთელმა ამ შეხვედრაში 12 წუთი და 42 წამი ითამაშა, რა დროშიც მან 4 ქულა, 5 მოხსნა (4 დაცვაში, 1 შეტევაში), 3 დაფარება და 1 ჩაჭრა შეასრულა. ბითაძემ 2-დან 2 სროლი გამოიყენა. საერთო ჯამში, გოგამ დაცვაში საკმაოდ კარგად ითამაშა, რაზეც მისი დაფარებების რაოდენობაც მეტყველებს.
რაც შეეხება მატჩს, „ინდიანამ“ უპირატესობა დასაწყისშივე დათმო. პირველი ტაიმის შემდეგ „ბრუკლინი“ 32 ქულის სხვაობით იგებდა და მიუხედავად იმისა, რომ „პეისერსმა“ მე-3 და მე-4 მეოთხედში მეტოქეს აჯობა, მაინც ვერ შეძლო მატჩის შემოტრიალება.
შეხვედრაში საუკეთესო კაირი ირვინგი იყო, რომელმაც 35 ქულასთან ერთად, 4 მოხსნა და 8 პასი დააგროვა. ჯეიმს ჰარდენმა ორმაგი დუბლი გაიფორმა, მის ანგარიშზე 19 ქულა, 11 მოხსნა და 5 პასია. ორმაგი დუბლი ჰქონდა ასევე დეანდრე ჯორდანსაც, რომელმაც 12 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა. რაც შეეხება „პეისერს“, საუკეთესო კვლავ ლიეტუველი კალათბურთელი, დომანტას საბონისი იყო, მან 18 ქულასთან ერთად, 9 მოხსნა და 4 მოხსნა დააგროვა. ცუდი თამაში ჰქონდა გუნდის კიდევ ერთ ლიდერს მაილს ტერნერს, რომელმაც მიუხედავადა იმისა, რომ პარკეტზე არასრული 26 წუთი იყო, მხოლოდ 3 ქულა და 3 მოხსნა შეასრულა.
ამრიგად, ბითაძის „ინდიანამ“ ზედიზედ მეოთხე მატჩი დათმო. „პეისერსი“ 12 მოგებითა და 13 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე იმყოფება და შემდეგ მატჩს 12 თებერვალს დეტროიტის წინააღმდეგ გამართავს.