ბითაძის 13 ქულა და 9 მოხსნა „გოლდენ სტეიტთან“ - „ინდიანამ“ ოვერტაიმში მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
ბითაძის 13 ქულა და 9 მოხსნა „გოლდენ სტეიტთან“ - „ინდიანამ“ ოვერტაიმში მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

„ინდიანა პეისერსმაNBA-ის რეგულარულ სეზონზე მორიგი შეხვედრა ჩაატარა. გოგა ბითაძის გუნდი „ლეიკერსთან“ გამარჯვების შემდეგ, დასავლეთ კონფერენციის მეორეადგილოსან „გოლდენ სტეიტ უორიორსს“ დაუპირისპირდა და ოვერტაიმში 121:117 დაამარცხა.

რიკ კარლაილს დომანტას საბონისისა და მაილს ტერნერის პარკეტზე გამოყვანა არ შეეძლო, რადგან ორივე კალათბურთელი ტრავმირებულია. შესაბამისად, გოგა ბითაძემ საკმაოდ ბევრი სათამაშო დრო მიიღო და უფრო მეტს ითამაშებდა, საკუთარ რეკორდს (31:48) წუთით გააუმჯობესებდა, მაგრამ მეოთხე მეოთხედში ტექნიკური ფოლი მიიღო და მოედნიდან გააძევეს.

საბოლოო ჯამში, მან 31:21 წუთი ითამაშა და ამ დროში 13 ქულის, 9 მოხსნის (4 შეტევაში), 5 პასისა და 1 დაფარების დაგროვება მოასწრო. გოგამ 8-დან 4 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 5-დან 2 საჯარიმო გამოიყენა. მან 2 პერსონალური ფოლი მიიღო და 2-ჯერ დაკარგა ბურთი. ბითაძეს +/- მაჩვენებელი +3 ჰქონდა.

 

ბითაძის დაფარება სტეფ კარის წინააღმდეგ

რაც შეეხება შეხვედრას, პირველი ტაიმი „უორიორსის“ 8-ქულიანი უპირატესობით დასრულდა, მაგრამ „პეისერსმა“ მალევე მოახერხა თამაშში დაბრუნება და ბოლო პერიოდის დაწყებამდე ანგარიში გაათანაბრა. გუნდებმა მეოთხე მეოთხედშიც ფრე ითამაშეს და გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერტაიმი გახდა საჭირო, სადაც „ინდიანა პეისერსი“ უკეთესი აღმოჩნდა.

„ინდიანას“ მხრიდან 27 ქულითა და 7 პასით საუკეთესო კრის დუარტე იყო, 16 ქულა ჰქონდა ჯასტინ ჰოლიდეის, აიზია ჯექსონის ანგარიშზე კი 15 ქულაა. „გოლდენ სტეიტს“ 39 ქულითა და 8 პასით სტეფ კარიმ ულიდერა.

შემდეგ შეხვედრას „ინდიანა პეისერსი“ 23 იანვარს „ფინიქს სანსის“ წინააღმდეგ გამართავს.