ბირთვული საწვავის გერმანულ ქარხანას რუსულ „როსატომთან“ თანამშრომლობის უფლება მიეცა
გერმანიამ დაამტკიცა ფრანგული კომპანიის, Framatome-ის განაცხადი, რომელიც ბირთვული საწვავის ღეროების წარმოებას რუსულ სახელმწიფო კომპანიებთან გაფორმებული ლიცენზიის შეთანხმების საფუძველზე ითვალისწინებს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
გერმანიის ხელისუფლების განმარტებით, უარის თქმისთვის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.
როგორც მედია წერს, Framatome-ის შვილობილმა კომპანიამ გერმანიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქარხანაში საწვავის ელემენტების წარმოების ნებართვა მოითხოვა აღმოსავლეთ ევროპის ბაზრისთვის. წარმოება უნდა განხორციელდეს რუსული ლიცენზიებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით, რუსულ კომპანიებთან TVEL-თან და Rosatom-თან ერთობლივი პროექტის ფარგლებში.
როგორც „როიტერი“ წერს, მიუხედავად რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებული შეშფოთებისა, ქვემო საქსონიის გარემოს დაცვის სამინისტრომ, გერმანიის ფედერალური გარემოს დაცვის სამინისტროს მითითებების გათვალისწინებით, აუცილებელი ნებართვა გარკვეული პირობებით გასცა.
ფედერალური სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბერლინის მთავრობა კრიტიკულად აფასებს რუსეთის სახელმწიფო კომპანიასთან თანამშრომლობას, თუმცა გადაწყვეტილება მიღებულია გერმანიის ბირთვული კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.
„ამ საკითხის მოსაგვარებლად შესაბამისი ინსტრუმენტი არა ბირთვული კანონმდებლობა, არამედ ევროკავშირის მასშტაბით დაწესებული სანქციებია, მათ შორის ბირთვული სექტორის წინააღმდეგ მიმართული ზომები. თუმცა ამ ეტაპზე წევრი სახელმწიფოების უმრავლესობა ასეთი სანქციებს მხარს არ უჭერს. ამიტომ ჩვენ კვლავ აქტიურად ვუჭერთ მხარს ევროკავშირის სანქციების დაწესებას რუსეთის ბირთვული სექტორის წინააღმდეგ“, – განაცხადეს სამინისტროში.
თავის მხრივ, ფრანგულ კომპანიაში განმარტეს, რომ ეს თანამშრომლობა დროებითი ნაბიჯია, ვიდრე კომპანია საკუთარ საწარმოო ტექნოლოგიას განავითარებს.
რუსულ კომპანიებთან თანამშრომლობის შესახებ გაცემული ლიცენზია რამდენიმე პირობას შეიცავს საფრთხეების შესამცირებლად. მათ შორისაა TVEL-ისა და Rosatom-ის თანამშრომლებისთვის ქარხანაში შესვლის აკრძალვა, ასევე რუსეთიდან ჩამოსული აღჭურვილობისა და საწვავის ღეროების გარე უსაფრთხოების აუდიტები.
ცნობისთვის, ევროკავშირს ამ დრომდე არ მიუღია შეთანხმება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ბირთვულ ენერგეტიკულ სექტორზე გავრცელების შესახებ.