ბიორნ იონსენი - „ორდაბასთან“ ბიძინაშვილის გოლმა ენერგია შეგვმატა, ეს მნიშვნელოვანი მომენტი იყო #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედოს“ ნორვეგიელმა თავდამსხმელმა, ბიორნ იონსენმა კონფერენციის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში „ორდაბასთან“ გამარჯვებაზე ისაუბრა და კომენტარი გააკეთა მეორე რაუნდის მეტოქის, კვიპროსული „ომონიას“ შესახებ.
„ყაზახეთში რთული მატჩი გვქონდა, მაგრამ ირაკლი ბიძინაშვილის გოლმა ენერგია შეგვმატა. ფანტასტიკური ბურთი გაიტანა და გუნდს ძალიან დაეხმარა, რადგან მეტოქეს უკვე ორი გოლის გატანა სჭირდებოდა. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი მომენტი იყო.
ამის შემდეგ ფეხბურთელი გაგვიძევეს და ტაიმის დარჩენილ ნაწილში დაცვაზე ვიყავით ორიენტირებულები. „ორდაბასს“ სამი გოლის გატანა შეეძლო? არ ვიცი. მაგრამ საბოლოოდ ჩვენ გავედით. შიმკენტში თამაში ძალიან რთული იყო, რადგან დიდი მოედანია, ტრიბუნაზე კი – განსაკუთრებული ატმოსფერო.
მატჩის წინა ღამით ფოიერვერკების ხმა გავიგე. დილის 3 საათზე გამეღვიძა – ხმაური გავიგე. ფანჯრიდან გავიხედე და გულშემატკივრები იყვნენ. მერე ისევ ჩამეძინა. პრობლემა არ არის. უფრო ემოციებს ჰგავს. ეს ფეხბურთის ნაწილია. ასეთი მხარდაჭერა კარგ ატმოსფეროს და ემოციებს ქმნის.
ახლა კვიპროსულ „ომონიას“ დავუპირისპირდებით. გუნდს, რომელსაც გასულ წელს ვეთამაშეთ და წავაგეთ.
მაგრამ ახლა უფრო ძლიერი გუნდი გვყავს, ვფიქრობ, რომ გვაქვს შანსი, უფრო შორს წავიდეთ. რთული მატჩი იქნება, ისევე როგორც „ორდაბასთან“. ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი. ისიც მნიშვნელოვანია, რომ პირველ მატჩს სტუმრად ვითამაშებთ“, – თქვა იონსენმა.