ბათუმმა ბილიარდში, კონკრეტულად კი სახეობა „ცხრიანში,“ „აჭარა-ქაფს“ უმასპინძლა. შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღო ცხრა ქვეყნის 54-მა სპორტსმენმა. ტურნირი აღმოსავლეთ ევროპის პულის საბჭოს ეგიდით ჩატარდა, მატჩები კი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ჩემპიონი გახდა პოლონელი სპორტსმენი მარიუშ სკონეჩნი, საქართველოს წარმომადგენელი ნოდარ ბაქრაძე მესამე ადგილს დასჯერდა.
საერთაშორისო ფედერაციის კალენდარული ტურნირი საქართველოში მეორედ გაიმართა, რომელიც საქართველოს ბილიარდის ფედერაციის, აჭარის ბილიარდის ფედერაციის, კერძო სექტორის, სპორტის და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ხელშეწყობით ჩატარდა.
ქრისტოფ ვაშაკი-ბილიარდის საერთაშორისო აკადემიის დირექტორი: „საოცარი დღეები გამოვიდა, მეორედ ვარ საქართველოში. მომწონს აჭარის რეგიონი. ქართველ და პოლონელ ხალხს კარგი მეგობრობა აკავშირებს. ტურნირის დონე საკმაოდ მაღალი იყო. მინდა, მივულოცო ყველა გამარჯვებულს და მონაწილეს. იმედი მაქვს, შევხვდებით მომავალ წელსაც, აჭარის თასი 2025-ზე“.
მარიუშ სკონეჩნი – „აჭარა ქაფის“ გამარჯვებული: „ტურნირზე არ იყვნენ ცნობილი მოთამაშეები, მაგრამ ეს იყო ძალიან რთული შეჯიბრება. მონაწილეებმა მაღალი დონე აჩვენეს. აღმოჩნდა, რომ მე ვიყავი უკეთ მომზადებული, მათ შორის ფინალისთვისაც, რაც ძალიან მახარებს“.