„ბილდი“ - დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის იარაღის მიყიდვაზე უარი განაცხადა, რათა პუტინი არ გაენაწყენებინა
„ბილდი“ - დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის იარაღის მიყიდვაზე უარი განაცხადა, რათა პუტინი არ გაენაწყენებინა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის იარაღის მიყიდვაზე უარი განაცხადა, რათა პუტინი არ გაენაწყენებინა. ამის შესახებ გერმანული გამოცემა „ბილდი“ წერს.

„ბილდის“ სამხედრო ანალიტიკოსი იულიან როპკე მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპის რეაქცია უკრაინის სურვილზე, შეიძინოს ამერიკული იარაღი, მოწმობს, რომ ამერიკის ეკონომიკური სარგებელი აშშ-ის პრეზიდენტს უფრო ნაკლებად აინტერესებს, ვიდრე კარგი ურთიერთობა ვლადიმერ პუტინთან.

ცოტა ხნის წინ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჯაროდ გაამჟღავნა სურვილი, აშშ-სგან 10 საჰაერო თავდაცვის სისტემა და 30-50 მილიარდი დოლარის ღირებულების სხვა იარაღი შეიძინოს. ამის საპასუხოდ, მოგვიანებით დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ შეიძლება, დაიწყო ომი ვიღაცის წინააღმდეგ, ვინც შენზე 20-ჯერ დიდია და იმედოვნებდე, რომ რაკეტებს სხვა მოგცემს. ამგვარ რეაქციას „ბილდი“ აფასებს, როგორც უარს უკრაინისთვის იარაღის მიცემაზე, თუნდაც ფულის სანაცვლოდ.

„სამაგიეროდ, ტრამპის პოლიტიკა კიდევ უფრო აღვივებს აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ“, – წერს „ბილდი“.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმების შემთხვევაშიც ტრამპს არა ფული, არამედ ამ დოკუმენტის სიმბოლიკა აინტერესებს.