ბილ ბომონტი - 2019 წელი რაგბისთვის გარდამტეხი იქნება
ბილ ბომონტი - 2019 წელი რაგბისთვის გარდამტეხი იქნება

2019 წელს აზიაში პირველად გაიმართება სარაგბო მსოფლიო თასი და „მსოფლიო რაგბის“ თავმჯდომარე ბილ ბომონტს სჯერა, რომ ამისთვის ყველა ნაბიჯი სწორად გადაიდგა.

2018 წელს რაგბის გულშემატკივრების რაოდენობამ რეკორდულად მოიმატა და სპორტმა ახალი ბაზრები დაიპყრო. სან ფრანცისკოში გამართულმა შვიდკაცა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატმა შეერთებულ შტატებში დიდი გამოხმაურება ჰპოვა.

ბომონტის შეფასებით, რომელმაც ახალ წელს დიდი ბრიტანეთის დედოფლისგან სერის ტიტული მიიღო, გასული წელი პროგრესის იყო.

იდეალური სცენა

„რაგბის მსოფლიო თასი გვიახლოვდება და 2019 წელს ის იდეალურ სცენაზე გაიმართება. ჩვენ მთელ მსოფლიოს გვინდა ვაჩვენოთ, რომ რაგბი სანახაობრივი და სწრაფად მზარდი სპორტია, რომელიც პოპულარობას ბევრ რეგიონში იხვეჭს და ახალ მონაწილეებს და გულშემატკივრებს იზიდავს.

რაგბი გუნდური სპორტია და ამის გადმოტანას მართვის მეთოდებშიც ვცდილობთ. ვფიქრობ, აზიაში გამართული პირველი მსოფლიო თასი ძალიან წარმატებული იქნება და ბევრ რამეს შეცვლის“, – განაცხადა ბომონტმა.

რაგბის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელმა ყურადღება აზიაში მიღწეულ წარმატებებზეც გაამახვილა.

„აზიაში დიდი წინსვლა გვაქვს. გასულ წელს რაგბიში ჩართული ადამიანების ოდენობამ მილიონით მოიმატა და ახლა „აზიურ რაგბისთან“ ვთანამშრომლობთ, რათა მათ შედეგების და სწრაფი პროგრესის შენარჩუნება შეძლონ. რაგბი ახალ ქვეყნებს და საზოგადოებებს იპყრობს და ტრადიციულ სარაგბო ერებშიც ინარჩუნებს ზრდის ტენდენციებს.“

მოთამაშეთა კეთილდღეობა

ბომონტმა „მსოფლიო რაგბის“ ოფიციალურ ვებ-გვერდთან ვრცლად ისაუბრა მოთამაშეთა კეთილდღეობაზეც – „ჩვენ ძალიან ბევრს ვფიქრობთ მოთამაშეთა ჯანმრთელობაზე. ტრავმების ოდენობა არ იმატებს და ახლა პრევენციაზე ვართ ორიენტირებულნი. ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა ხშირი ტვინის შერყევა იყო, რომელსაც წესების ცვლილებებით შედეგიანად ვუმკლავდებით.

ნოემბერში საბჭოს ფიჯი და სამოაც დაემატნენ, რაც იმის ასახვაა, რომ წყნარი ოკეანის კუნძულებს რაგბისთვის ბევრი რამის მიცემა შეუძლიათ. ქალთა რაგბისთვის სტრატეგიულ გეგმას ვამუშავებთ, რომელმაც სპორტი წინ წასწია.“

2019 წელი გამოწვევების და ამავდროულად შესაძლებლობების წელი იქნება, მაგრამ ბომონტი დარწმუნებულია, რომ რაგბი კარგ პოზიციაში იმყოფება.

„ძალიან აღელვებული ვარ, როდესაც 2019 წელზე ვფიქრობ. ვფიქრობ ეს ჩვენი სპორტისთვის გარდამტეხი იქნება. იაპონიაში ტურნირის მიმართ მოლოდინები იმატებს და ჩვენ ყველას ვპირდებით, რომ იქ ჩატარებული მსოფლიო თასი რაგბის გულშემატკივრების გულებში განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს“, – განაცხადა მან.