Big 7 Travel-ის მიხედვით, საქართველო მეორე ადგილზეა ქვეყნებს შორის, სადაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს დისტანციურად მუშაობა შეუძლიათ
Big 7 Travel-ის მიხედვით, საქართველო მეორე ადგილზეა ქვეყნებს შორის, სადაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს დისტანციურად მუშაობა შეუძლიათ

საერთაშორისო სამოგზაურო პლატფორმა Big 7 Travel 50 საუკეთესო ტურისტული მიმართულების შესახებ წერს, სადაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს დისტანციურად მუშაობა შეუძლიათ, საქართველო საერთაშორისო გამოცემის სიაში მეორე ადგილზეა.

„ბოლო წლებში თბილისმა ციფრულ სამოგზაურო სამყაროში დიდი ნაბიჯი გადადგა. კავკასიის რეგიონის გამორჩეულ დედაქალაქს სტუმრებისთვის უამრავი კულტურული შეთავაზება აქვს: მრავალფეროვანი კერძებით დაწყებული გრძელი ისტორიით გაგრძელებული. დანარჩენი საქართველოს შესასწავლად თბილისი შესანიშნავ ბაზას წარმოადგენს. გაყინული კავკასიონის მთებიდან ბათუმის კენჭებიან ზღვის სანაპირომდე საქართველო მიმზიდველი და საცხოვრებლად ხელმისაწვდომი ქვეყანაა.

პანდემიის დაწყების შემდეგ საქართველომ დისტანციურად მომუშავეებისთვის სპეციალური პროგრამა მოამზადა, რომელსაც აქ გაეცნობით“,- წერს სტატიის ავტორი მელანი ჰამილტონი. სტატიაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გვერდია მითითებული, სადაც „იმუშავე საქართველოდან“ პროექტის პირობებია აღწერილი.

„იმუშავე საქართველოდან“ პროექტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მოამზადა. პროექტის მიზანია საქართველოში მაღალმხარჯველუნარიანი საერთაშორისო ვიზიტორთა მიღება, რომელთა საშუალო დაყოვნების პერიოდი გაუტოლდება ექვს თვეს, ხოლო საშუალო ყოველთვიური შემოსავალი იქნება 2 000 აშშ დოლარზე მეტი. მოცემული ინდიკატორების შესრულებით, ქვეყანა იღებს გრძელვადიან საერთაშორისო ვიზიტორებს, რომლებიც საკუთარ დანაზოგებს დახარჯავენ ტურისტული, სამომხმარებლო სერვისისა და პროდუქციის მიღების მიზნით.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

დატოვე კომენტარი