ბიძინა კულუმბეგოვი - ყველას, განსაკუთრებით, 60 წლის ასაკის ზემოთ და ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეებს ვთხოვ, საქალაქო ტრანსპორტში ორმაგი პირბადე ატარონ
ბიძინა კულუმბეგოვი - ყველას, განსაკუთრებით, 60 წლის ასაკის ზემოთ და ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეებს ვთხოვ, საქალაქო ტრანსპორტში ორმაგი პირბადე ატარონ

მინდა, ყველას ვთხოვო, რომ სახლში იქნება თუ სამსახურში, დღის განმავლობაში ერთი ფანჯარა სულ იყოს გაღებული, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ცირკულაციის და ბუნებრივი ვენტილიაციის საშუალებები გავაჩინოთ. გარეთ რაც მეტ დროს გავატარებთ, ვირუსს ასეთი მასშტაბის გავრცელება არ ექნება“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

როგორც ალერგოლოგ-იმუნოლოგმა აღნიშნა, მესამე ტალღის გადავლა გარკვეული ტიპის შეზღუდვების შემოღების გარეშე ვერ მოხერხდება.

„ვერ წარმომიდგენია, ამ მესამე ტალღის გადავლა სრულად მოხერხდეს გარკვეული ტიპის შეზღუდვების შემოღების გარეშე. ჩვენ რეალისტები უნდა ვიყოთ, მაგრამ ვისურვებდი, მოსახლეობაც დაეხმაროს საკუთარ თავს პირბადის ტარებით. 95% არის სინგაპურის მაჩვენებელი, სადაც ამ ორგანიზებულობის გამო პანდემია პრაქტიკულად, ყოველგვარი ტალღების გარეშე იმართება. ამიტომ, ყველას ვთხოვ, ვატაროთ პირბადე. 60 წლის ზემოთ ადამიანებმა უნდა ატარონ სამედიცინო, ან ქირურგიული პირბადე და ნებისმიერ ასაკში, როდესაც ერთი ქრონიკული დაავადება მაინც გვაქვს. თუ ამდენი სამედიცინო პირბადის შეძენის შესაძლებლობა არ გვაქვს, თუ ადამიანი ჯანმრთელია და 60 წლის ქვემოთ ასაკისაა, სახლში ნაჭრის სამშრიანი პირბადის დამზადებაც შეიძლება, რომელიც დღეში ერთხელ, 60 გრადუსზე უნდა გაირეცხოს“, – განაცხადა კულუმბეგოვმა. 

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არის თუ არა საჭირო ბრიტანული შტამისგან თავის დასაცავად ორი პირბადის ტარება, კულუმბეგოვმა აღნიშნა, რომ საზოგადოებრივ სივრცეებში, სადაც დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება, ორი პირბადის ტარება აუცილებელია.

„ჩვენ ვხედავთ, თბილისის მასშტაბით რა სიტუაციაში ვართ. ნებისმიერ ავტობუსს რომ გახედოთ, განსაკუთრებით, საღამოს საათებში, ვნახავთ, რომ იქ დისტანციის დაცვა შეუძლებელია. ამიტომ, ყველას და განსაკუთრებით, 60 წლის ასაკის ზემოთ და ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეებს ვთხოვ, საქალაქო ტრანსპორტში ორმაგი პირბადე ატარონ, რითაც მათი დაცვის ხარისხი გაიზრდება“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

როგორც კულუმბეგოვმა აღნიშნა, ორმაგი პირბადის ტარება ჯანმრთელობისთვის აბსოლუტურად არ არის საზიანო.

„ადამიანები ამბობენ, რომ პირბადეში იხუთებიან. ლამის, ასე აყენებენ საკითხს, რა მნიშვნელობა არ აქვს, პირბადე მოკლავს თუ კორონაო. ნამდვილად მინდა, ვთქვა და მეცნიერულად არის დადასტურებული, რომ ნახშირორჟანგის მოლეკულის ზომები იმდენად მცირეა, მას ყველანაირი ნაჭრის წინაღობის გადაძლევა შეუძლია. ამიტომ, ადამიანის ორგანიზმში ნახშირორჟანგის შემცველობა არც ერთი პროცენტით არ იმატებს და არ ვარდება ჟანგბადის კონცენტრაცია. ორმაგი პირბადის ტარება ჯანმრთელობისთვის აბსოლუტურად არ არის საზიანო“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ასევე აღნიშნა, რომ საზოგადოებაში სარქვლოვანი რესპირატორების ტარება საფრთხის შემცველია და უნდა შეიზღუდოს.

„ქალაქში ხშირად მხვდებიან ადამიანები, ვისაც უკეთია საკმაოდ ძვირადღირებული რესპირატორები, რომელსაც გვერდით სარქველი აქვს დამაგრებული. მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ საზოგადოებაში სარქვლოვანი რესპირატორის ტარება არ შეიძლება. ეს შეიძლება, იმ ადამიანმა გამოიყენოს, ვინც კოვიდით დაავადებულს უვლის. როცა სარქვლოვან რესპირატორს ვატარებ, ის მე მიცავს, როგორც ადამიანს, მაგრამ თუ მე ინფიცირებული ვარ, გარეთ მაინც ვაფრქვევ. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ მისი ტარება საფრთხის შემცველია და საზოგადოებაში სარქვლოვანი რესპირატორების ტარება უნდა შეიზღუდოს“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

მისივე თქმით, განმეორებითი ტესტების დადებითობა ადამიანთა ძალიან მიზერულ პროცენტს უფიქსირდება.

„გამონაკლისი იქნება და ვიღაცას შეიძლება, ორი-სამი თვე ჰქონდეს იმუნიტეტი, მაგრამ საშუალოდ, როგორც ჩანს, ამ ვირუსს ექვსიდან თორმეტ თვემდე ექნება შენარჩუნებული იმუნური პასუხი“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.