ბიძინა კულუმბეგოვი - როგორც კი გახსნის ღონისძიებების შემდგომი ეტაპი დაანონსდება, აღსრულება და მონიტორინგი აუცილებლად უნდა იყოს ძალიან მკაცრი
ბიძინა კულუმბეგოვი - როგორც კი გახსნის ღონისძიებების შემდგომი ეტაპი დაანონსდება, აღსრულება და მონიტორინგი აუცილებლად უნდა იყოს ძალიან მკაცრი

როგორც კი გახსნის ღონისძიებების შემდგომი ეტაპი დაანონსდება, აღსრულება და მონიტორინგი აუცილებლად უნდა იყოს ძალიან მკაცრი, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, შეზღუდვების მოხსნის პარალელურად, ყურადღება არ უნდა მოდუნდეს აღსრულების მექანიზმის კუთხით.

„რასაკვირველია, შეზღუდვების მოხსნაზე უნდა ვიფიქროთ, რადგან სტაბილურობის მაჩვენებელი არის, მაგრამ პარალელურად, არ უნდა მოვადუნოთ ყურადღება აღსრულების მექანიზმის კუთხით, რაც ამ რეგულაციების შეუპოვარ დაცვას ეხება. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ვაქცინაციის გარეშე, მხოლოდ პირბადით ვირუსის შეკავება ვერ ხერხდება მთელ მსოფლიოში. ამიტომ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ როგორც კი გახსნითი ღონისძიებების შემდგომი ეტაპი დაანონსდება, აღსრულება და მონიტორინგი აუცილებლად უნდა იყოს ძალიან მკაცრი. დიდი იმედი მაქვს, რომ ვაქცინაციის პროცესი ამ პროცესს წამოეწევა, მაგრამ ობიექტური რეალობიდან გამომდინარე, ის ისეთ მასშტაბებს ვერ მიიღებს, რომ მაქსიმალურად შევძლოთ მოსახლეობის აცრა.

როგორც კი დავიჯერებთ, რომ ჩვენ შორის ინფექცია აღარ არის, მერე იწყება შემთხვევების რაოდენობის მომატება. როცა გაიხსნება რესტორნები, სადაც ადამიანები მაგიდებთან პირბადის გარეშე სხედან და საათობით ატარებენ დროს, აი, აქ ჩნდება დიდი რისკები. იგივე სავარჯიშო სივრცეები, სადაც პირბადით ვერ ივარჯიშებს ადამიანი. მერე ახდენს ეს კუმულაციურ გავლენას ზოგადად ეპიდემიის მართვაზე. ერთ და ორ კვირაში მხოლოდ ტრანსპორტის გავლენა ასე არ გამოჩნდება“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.