ბიძინა კულუმბეგოვი - კორონავირუსზე ტესტების რაოდენობის გაორმაგების მიუხედავად, შემთხვევების რიცხვი მკვეთრად არ იზრდება
ბიძინა კულუმბეგოვი - კორონავირუსზე ტესტების რაოდენობის გაორმაგების მიუხედავად, შემთხვევების რიცხვი მკვეთრად არ იზრდება

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსზე ტესტების რაოდენობა გაორმაგდა, შემთხვევების რიცხვი მკვეთრად არ იზრდება, – ამის შესახებ ინფექციონისტ-იმუნულოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ახლა მთავარია როგორი იქნება სტატისტიკა მომავალი ორი კვირის განმავლობაში. როგორც კულუმბეგოვი აცხადებს, ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზებას საზოგადოებამაც უნდა შეუწყოს ხელი და რეკომენდაციები სათანადოდ დაიცვან.

„ინფექციის გავრცელების ტრაექტორიას ჩვენ ვხედავთ. საბედნიეროდ, მიუხედავად იმისა, რომ ტესტების რაოდენობა გაორმაგდა, შემთხვევების რიცხვი მკვეთრად არ იზრდება. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ რამდენიმედღიანი სიხარულით დავკმაყოფილდეთ. სიხარული რომ იყოს სტაბილიზების ძალიან სარწმუნო მაჩვენებლებით გამყარებული, ამისთვის საჭიროა სულ მცირე შვიდდღიანი და მაქსიმუმ ორკვირიანი დაკვირვება. ამიტომ უნდა შევხედოთ, სიტუაცია როგორ განვითარდება.

მაქსიმალური მობილიზებაა საჭირო. ვხედავთ, რომ პირბადის ტარება 65 პროცენტს არ აღემატება საქართველოში. თბილისში მეტ-ნაკლებად კიდევ კარგი მაჩვენებლებია, რასაც ვხედავთ, თუნდაც ვიზუალურად, მაგრამ პერიფერიაშიც ძალიან სერიოზული პრობლემებია და ამას სჭირდება სერიოზული ყურადღების მიქცევა“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

ამასთან, კულუმბეგოვს იმ რეგულაციების შემსუბუქება, რომელიც 24 დეკემბრიდან 3 იანვრამდე პერიოდშია დაანონსებული, საფრთხის შემცველად მიაჩნია.

„ე.წ. შავი პარასკევის მაგალითმა აჩვენა, რომ საზოგადოების შეგნების ხარისხი არ არის მზად იმისთვის, რომ ამ სწორ, ასე ვთქვათ, მიშვებას სწორად მოექცეს. სამწუხაროდ, იმ დღის მაგალითმა აჩვენა, რომ ბიზნესიც ვერ აღმოჩნდა თავის ადგილზე და ვერ დაიცვა ის წესრიგი, რომელიც  მთელ ცივილიზებულ სამყაროშია მიღებული. ამიტომ, ეს ძალიან საკამათო თემაა. ეს იქნება ალბათ გარკვეულწილად, მენეჯმენტის საკითხი, რასაც მთავრობა კიდევ ერთხელ განიხილავს. ალბათ იქნება შეხვედრა სპეციალისტებთან მომავალ კვირებში, როცა ჩვენ მიმდინარე ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მოგვცემს იმის შეფასების საშუალებას, ვიმსჯელოთ, ღირს თუ არა საერთოდ ამ რისკზე წასვლა“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

ამასთან, კულუმბეგოვი აცხადებს, რომ კორონავირუსის შემთხვევების ზრდასთან ერთად, იზრდება გარდაცვლილთა რაოდენობაც. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ დეკემბრის მეორე ნახევრიდან კორონავირუსის რაოდენობა ოთხი ათასის ქვემოთ იქნება, იანვრის მეორე ნახევრიდან სიკვდილობის მაჩვენებლის გაუმჯობესება უნდა დაიწყოს.

„ლეტალობის მაჩვენებლები რასაკვირველია გაიზრდება, რადგან პაციენტები, რომლებიც ვთქვათ, დაავადდებიან და შემდეგ ხვდებიან კრიტიკულ სიტუაციაში რეანიმაციულ განყოფილებაში, მათი ავადობა შეიძლება 2-3 კვირის განმავლობაში გაგრძელდეს, რადგან რეანიმაცია ინარჩუნებს სასიცოცხლო პარამეტრებს. ამიტომ, შემთხვევების რაოდენობის სწრაფ ზრდას აუცილებლად მოყვება ლეტალობის მაჩვენებლები. ის დაახლოებით 2-3 კვირის შემდეგ ჩნდება. შესაბამისად, ყველა ამ პროგნოზირებადი კვლევით, რომელსაც თუნდაც ვაშინგტონის ჯანმრთელობათა გაზომვების ინსტიტუტი აკეთებს, ამბობს, რომ 20-25 დეკემბრის შემდეგ, იანვრის პირველ კვირაში, უფრო იქნება სიკვდილობის შედარებითი ზრდა, რაც ლოგიკურია, რადგან ჩვენ საკმაოდ დიდი რაოდენობით აქტიური შემთხვევა გვაქვს.

სამწუხაროდ, ამ ინფექციების დაახლოებით 2-3 პროცენტი, ბევრ ქვეყანაში ხუთი პროცენტი, კრიტიკულ მედიცინას საჭიროებს. თუ შემთხვევების რაოდენობა დეკემბრის მეორე ნახევრიდან ჩამოვა ოთხი ათასის ქვემოთ, სამი ათასის ნიშნულზე მაინც, რა თქმა უნდა, სიკვდილობის მაჩვენებლებლების გაუმჯობესებას ჩვენ იანვრის მეორე ნახევრიდან უნდა დაველოდოთ“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

 

დატოვე კომენტარი