ბიძინა ივანიშვილი - ვგმობ ყველანაირ ძალადობას, რაც ზიანს აყენებს წინასაარჩევნო პროცესს და ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს
ბიძინა ივანიშვილი - ვგმობ ყველანაირ ძალადობას, რაც ზიანს აყენებს წინასაარჩევნო პროცესს და ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს

ვგმობ ყველანაირ ძალადობას, რაც ზიანს აყენებს წინასაარჩევნო პროცესს და დემოკრატიის ხარისხს ქვეყანაში, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

ივანიშვილის განცხადებით, ქვეყნის დემოკრატიული წინსვლისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, წინასაარჩევნო კამპანიამ ჩაიაროს მშვიდ გარემოში, თავსმოხვეული აგრესიისა და მღელვარების გარეშე.

მისივე განმარტებით, რადიკალურმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა ძალადობა წინასაარჩევნო კამპანიების თანმდევ მოვლენად აქციეს.

ბიძინა ივანიშვილი განსაკუთრებით „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მოუწოდებს, პროვოკაციებს ნუ აყვებიან.

„2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილია სამი კვირა. ეჭვგარეშეა, რომ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული წინსვლისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, წინასაარჩევნო კამპანიამ ჩაიაროს მშვიდ გარემოში, თავსმოხვეული აგრესიისა და მღელვარების გარეშე. მე ვგმობ ყველანაირ ძალადობას, რაც ზიანს აყენებს წინასაარჩევნო პროცესს და დემოკრატიის ხარისხს ქვეყანაში. ფაქტია, რომ რადიკალურმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა ძალადობა წინასაარჩევნო კამპანიების თანმდევ მოვლენად აქციეს. უკანასკნელ პერიოდში მათი მხრიდან გახშირდა პროვოკაციები, რასაც, რიგ შემთხვევებში, ჩემდა სამწუხაროდ, წამოეგნენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიც. არის საფრთხე, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ასეთი ხასიათის ძალადობრივი დაპირისპირებები უფრო გახშირდეს.

როდესაც კონფლიქტი ხდება, ძნელია იმის გარჩევა, ვინ არის ინიციატორი და ვინ – პროვოკაციის მსხვერპლი. ეს განსაკუთრებით ძნელია ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, ვინც არჩევნებს აკვირდება და ვისი შეფასებებიც საარჩევნო პროცესის თაობაზე ქვეყნისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია.
მინდა, მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოვუწოდო ყველას, განსაკუთრებით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს – ნუ აყვებით პროვოკაციებს, ნუ მივცემთ რადიკალურ ჯგუფებს იმის საშუალებას, რომ დააზიანონ საარჩევნო გარემო და ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაცია. ძალადობა და ქვის სროლა მათი ხელწერაა, სწორედ ასე მოვიდნენ ისინი თავის დროზე ხელისუფლებაში და დღესაც ასე სურთ, გადაფარონ საკუთარი უპერსპექტივობა და გარდაუვალი მარცხი მოახლოებულ არჩევნებში“, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.