ბიძინა ივანიშვილი - პოლიტიკაში ჩემი მოსვლის ორი ამოცანა, სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმის არჩევნების გზით დასრულება და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ევრო-ატლანტიკური კურსით ქვეყნის შეუფერხებელი სვლა, წარმატებით დაგვირგვინდა
პოლიტიკაში ჩემი მოსვლის ორი ამოცანა, სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმის არჩევნების გზით დასრულება და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ევრო-ატლანტიკური კურსით ქვეყნის შეუფერხებელი სვლა, წარმატებით დაგვირგვინდა, – ნათქვამია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წერილში.
„2011 წელს პოლიტიკაში ჩემი მოსვლის მიზანი იყო ორი ამოცანის შესრულება: მიხეილ სააკაშვილის ძალადობრივი, არაჰუმანური და არადემოკრატიული რეჟიმის არჩევნების გზით დასრულება, რადგან ჩემი უშუალო მონაწილეობის გარეშე იმდროინდელ ოპოზიციას არ ჰქონდა ხელისუფლების შეცვლის არანაირი რესურსი; ქართველი ხალხის მიერ არჩეული ევრო-ატლანტიკური კურსით ქვეყნის შეუფერხებელი სვლა, რადგან სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნას და, მით უმეტეს, ხელისუფლების შენარჩუნებას, საზოგადოება აღიქვამდა მისდამი დასავლეთის მხარდაჭერად. ეს ავტომატურად განაპირობებდა მკვეთრ აგრესიას ქვეყნის დასავლური ორიენტაციისადმი“, – ნათქვამია წერილში.
როგორც ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, სწორედ ამან შექმნა საქართველოს საპირისპირო ორბიტაზე გადანაცვლების საშიშროება. ამავე დროს, მისი თქმით, დასავლეთისთვის სულ უფრო ძნელი და პრაქტიკულად შეუძლებელიც კი ხდებოდა დემოკრატიის ფასადს ამოფარებული დიქტატურის მხარდაჭერა.
„გადაუჭარბებლად შეიძლება, ითქვას, რომ ეს ტვირთი ჩვენს დასავლელ პარტნიორებს „ქართული ოცნების“, როგორც პოლიტიკური სუბიექტის, დაბადებამ და გამარჯვებამ ჩამოხსნა. შედეგად, ორივე ამოცანა წარმატებით დაგვირგვინდა – მოძალადე რეჟიმი უსისხლოდ, არჩევნების გზით ჩამოვაშორეთ ხელისუფლებას და საფუძველი ჩავუყარეთ ქვეყნის მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარების რვაწლიან პერიოდს“, – ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის წერილში.