ბიძინა ივანიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, დაარწმუნოს საზოგადოება, რომ აპოკალიფსი გველოდება, ესეც გუნდის სისუსტეა და ხელისუფლებამ უნდა შეძლოს, სიცრუის ტყვეობაში აღარ დავტოვოთ საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, დაარწმუნოს საზოგადოება, რომ აპოკალიფსი გველოდება, ესეც გუნდის სისუსტეა და ხელისუფლებამ უნდა შეძლოს, სიცრუის ტყვეობაში აღარ დავტოვოთ საზოგადოება

„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს დაარწმუნოს საზოგადოება, რომ ხვალ აპოკალიფსი გველოდება, ესეც გუნდის სისუსტეა. ხელისუფლებამ უნდა შეძლოს და გარწმუნებთ, რომ შევძლებთ, სიცრუის ტყვეობაში და შანტაჟში აღარ დავტოვოთ საზოგადოება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, როდესაც ოპონენტი არ გყავს, გუნდში მიდის ძვრები და შიდა გუნდის დაშლა ხდება, სწორედ ეს პროცესი იყო დაწყებული „ქართულ ოცნებაში“.

„სწორედ ამან მაიძულა, რომ სწრაფად შემოვბრუნებულიყავი. პროცესი უკვე დაწყებული იყო. ზოგს რომ ჰგონია, როგორი ძლიერი ოპოზიციაა „ნაციონალური მოძრაობა“, როგორ უტევენ, მაგრამ ეს არ არის ოპონირება, სხვა რამეა, ეს დესტრუქციული ძალაა. მათ ხომ აღარ შეუძლიათ კანონიერი გზით ხელისუფლებაში მოსვლა, მხოლოდ სიტუაციის ატრიალება უნდათ და იმ მეთოდებით – ისევ სიცრუით, ისევ ძალადობით, რაც იცოდნენ, ისევ იმას აკეთებენ. ამათ მეტი არც უსწავლიათ და არც სცოდნიათ. გავიხსენოთ მათი მმართველობის პერიოდი, მათ იცოდნენ სიცრუე და ძალადობა”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ თავის დროზე ქმნიდნენ ვირტუალურ სამყაროს, ერთი ჯგუფი თავად კარგად იყო და არწმუნებდა საზოგადოებას, რომ ისინიც კარგად იყვნენ.

„მოდელირებული გადაცემები, დახურული ტელევიზიები, ერთ აშენებულ შენობას ოთხი კვირის განმავლობაში უღებდნენ, აპიარებდნენ,არწმუნებდნენ საზოგადოებას, რომ საშინელი აღმშენებლობა მიდის და თქვენც კარგად ხართო. ამ დროს, ყველა დარგში, რასაც აკეთებდა „ნაციონალური მოძრაობა“, ყველგან ვუსწრებთ. ვეღარ იხსენებენ, რომ მშენებლობა გააჩერეს, ვეღარ იხსენებენ, რომ პოლიცია დაიშალა, ვერაფერს ვეღარ ამბობენ, ერთადერთი სიცრუეზეა დალაგებული ყველაფერი. დღეს იგივე ფორმებით, იგივე მეთოდებით ცდილობენ, დაარწმუნონ საზოგადოება, რომ ყველაფერი არის საშინელება, აპოკალიფსი გველოდება ხვალ. ისედაც გაჭირვებულ საზოგადოებას კიდევ შოკში აგდებენ, ესეც გუნდის სისუსტეა. მმართველმა ძალამ, ხელისუფლებამ და პარტია „ქართულმა ოცნებამ“ უნდა შეძლოს და ვარწმუნებ საზოგადოებას, რომ ჩვენ შევძლებთ სიცრუის ტყვეობაში და შანტაჟში აღარ დავტოვოთ საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელიც აღშფოთებულიც არის და შეშფოთებულიც იმით, რასაც აკეთებს “ნაციონალური მოძრაობა””, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ადამიანის ღირსებაზე დაფუძნებული მეთოდებით გააგრძელებს მართვას.

„ჩვენ მოვახერხებთ, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობა აღვადგინოთ, ისევ დავალაგოთ, რომ მათ კარგად იგრძნონ სად ვართ, საით მივდივართ, რას ვაკეთებთ და როგორ ვაკეთებთ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.