ბიძინა ივანიშვილი - ხელისუფლების წყარო ხალხია, ამაყი ვარ, რომ დღეს ქართველ ხალხს კვლავ მყარად უპყრია ხელთ ეს უზენაესი უფლება, რომელიც 2012 წლამდე მიტაცებული ჰქონდა უზურპატორს
ბიძინა ივანიშვილი - ხელისუფლების წყარო ხალხია, ამაყი ვარ, რომ დღეს ქართველ ხალხს კვლავ მყარად უპყრია ხელთ ეს უზენაესი უფლება, რომელიც 2012 წლამდე მიტაცებული ჰქონდა უზურპატორს

​ხელისუფლების წყარო ხალხია, ამაყი ვარ, რომ დღეს ქართველ ხალხს კვლავ მყარად უპყრია ხელთ ეს უზენაესი უფლება, რომელიც 2012 წლამდე მიტაცებული ჰქონდა უზურპატორს, – განაცხადა ამომრჩევლებისადმი მიმართვისას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა.

„ხელისუფლების წყარო ხალხია და მხოლოდ ის წყვეტს, ვინ უნდა გაუძღვეს ქვეყანას. ასე მუშაობს დემოკრატია და მე ამაყი ვარ, რომ დღეს ქართველ ხალხს კვლავ მყარად უპყრია ხელთ ეს უზენაესი უფლება, რომელიც 2012 წლამდე მიტაცებული ჰქონდა უზურპატორს. მერწმუნეთ, დემოკრატიული ტრადიციის დამკვიდრება და მისი შეუქცევადობა, პირადად ჩემთვის, ყველაზე ღირებულია იმ მიღწევათა შორის, რომელიც „ქართული ოცნების“ მმართველობას და მის წარმატებებს უკავშირდება.

ხვალ, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი გადამწყვეტი დღეა. ხვალ, ყველა ჩვენგანმა კიდევ ერთხელ უნდა გავაკეთოთ არჩევანი საკუთარი რწმენის, ღირებულებების, სინდისისა და ინტერესების გათვალისწინებით და მე „ქართული ოცნების“ სახელით გაძლევთ გარანტიას, რომ ეს არჩევანი იქნება თავისუფალი და ხალხის ნება სრული სიზუსტით აისახება არჩევნების შედეგებში – ქართული სახელმწიფო არ დაუშვებს, რომ მცირედით მაინც გამრუდდეს ხალხის არჩევანი.

დღეს კი, ემოციურად დატვირთული საარჩევნო კამპანიის მიწურულს, კვლავ მახსენდება 2012 წლის ის ბობოქარი დღეები, როდესაც ერთ მუშტად შეკრულებმა, ერთად გავაკეთეთ ისტორიული არჩევანი თავისუფლების სასარგებლოდ, უარი ვუთხრით ადამიანის ჩაგვრაზე დაფუძნებულ რეჟიმს და მთელ მსოფლიოს გავაგებინეთ, რომ სამიათასწლოვანი ისტორიის მქონე, თავისუფლებისმოყვარე, ღირსების მატარებელი ხალხი აღარასოდეს შეეგუება ძალადობას და უსამართლობას“, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.