ბიძინა ივანიშვილი - ჩვენი გზაა ევროატლანტიკური სივრცე, ჩვენი გზაა ევროპა და ჩვენ მტკიცედ დავიჭერთ ამ მიმართულებას
ბიძინა ივანიშვილი - ჩვენი გზაა ევროატლანტიკური სივრცე, ჩვენი გზაა ევროპა და ჩვენ მტკიცედ დავიჭერთ ამ მიმართულებას

ამდენი ევროპელი და ძვირფასი სტუმარი ჩამოვიდა დღეს საქართველოში, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, –  ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომელიც დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, დონალდ ტუსკს შეხვდა.

მმართველი პარტიის თავმჯდომარის თქმით, საქართველო მტკიცედ აგრძელებს გზას ევროპისკენ.

„დღევანდელი სიტუაცია, ამდენი მეგობარი, ამდენი ევროპელი და ძვირფასი სტუმარი ჩამოვიდა დღეს საქართველოში. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება და ჩვენ მტკიცედ გავაგრძელებთ ამ გზას ევროპისკენ. ჩვენი გზაა ევროატლანტიკური სივრცე, ჩვენი გზაა ევროპა და ჩვენ მტკიცედ დავიჭერთ ამ მიმართულებას. ჩვენი მეგობრების დახმარებით, ჩვენ ჩავეწერებით ამ ოჯახში – განვითარებული ევროპული სახელმწიფოების რიგში”,- აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

მმართველი პარტიის ლიდერმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, დონალდ ტუსკს ბათუმში უმასპინძლა. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია „ქართული ოცნების“ პრესსამსახურმა გაავრცელა.

ბათუმში მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია „ღირებული პარტნიორობის 10 წელი – განვლილი გზა და პერსპექტივები“ მიმდინარეობს, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავს ეძღვნება. დონალდ ტუსკი კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შეხვედრები გამართა.