ბიძინა გიორგობიანი – ნეიტრალიტეტი ძლიერი სახელმწიფოს ხვედრია, კონსენსუსი არის საუკეთესო შემაკავებელი, რომელიმე სამხედრო ბლოკის წევრობა გვიქადის დაპირისპირებას მეორე სამხედრო ბლოკთან
ნეიტრალიტეტი არ არის კაპიტულანტური პოლიტიკის ნაყოფი და ისეთი კონცეფცია, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო უარს აცხადებს ან თავის ტერიტორიაზე, ან საკუთარ თავზე, – ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, ბიძინა გიორგობიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ განაცხადა.
„ნეიტრალიტეტი ძლიერი სახელმწიფოს ხვედრია, ის არ არის სუსტი, დაუძლურებული სახელმწიფოს მმართველობის ფორმა და მეზობლებთან ურთიერთობის ფორმა“, – აღნიშნა გიორგობიანმა.
მისი თქმით, ამ თემას სჭირდება ძალიან ღრმა გააზრება როგორც პოლიტიკურ წრეებში, ასევე პარლამენტში, საპარლამენტო ცხოვრებაში და თითოეული მოქალაქისგან.
„ეს არ არის საჩუქარი, ციური მანანა და რაღაც ჯადოსნური ჯოხი. ეს არ არის, რომ ჩვენ გამოვაცხადებთ საქართველოს ნეიტრალიტეტს, „არავის საქმეში არ ვერევით ჩვენ, ნურც ნურავინ ჩაერევა ჩვენ საქმეში“ და უცებ ყველა აღიარებს ამას. ეს არის რთული გზა, ბევრი სამუშაო. 35 წლის განმავლობაში საქართველო იყო ორიენტირებული ევროკავშირის და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობაზე, რაც არარეალისტურია. სულ ახლახან გახდა ცნობილი, ევროკავშირის გაფართოების კომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა, რომ საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი სახელმწიფო. ისინი საქართველოს არ აღიქვამენ თავიანთ ნაწილად, აღიქვამენ ინსტრუმენტად რუსეთის წინააღმდეგ, პროქსი ქვეყნად, რომელმაც უნდა შეასრულოს მათი რაღაც გარკვეული პირობები. ამის გარდა, ევროკავშირს აქვს საქართველოს მიმართ სხვა გამომყენებლობითი დამოკიდებულება“, – განაცხადა გიორგობიანმა.
როგორც გიორგობიანმა აღნიშნა, საქართველოს მოსახლეობამ და საზოგადოებამ უნდა მოახერხოს საქართველოს მომავალი განვითარების ხელახალი გადააზრება და ეს ხელახალი გადააზრება უნდა მოხდეს სწორედ ნეიტრალიტეტის ჭრილში იმ მომენტში, როგორიც დღესაა საერთაშორისო ასპარეზზე, როდესაც ყალიბდება ახალი მსოფლიო წესრიგი დიდი სახელმწიფოების მიერ.
„ჩვენი მეზობლები, რეგიონული პოლიტიკური ძალები და გლობალური პოლიტიკური ძალები – აშშ და ჩინეთი ძალიან არიან დაინტერესებული სამხრეთ კავკასიის კორიდორით, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობით და რეგიონული სახელმწიფოები, როგორებიცაა თურქეთი, ირანი და დაახლოებით იგივე სიძლიერისაა რუსეთი, თითქმის ერთი სიძლიერის არიან როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკური გავლენებით რეგიონში. ჩვენ ამ დროს უნდა ვიმუშაოთ სწორად და სწორად დავგეგმოთ ჩვენი საგარეო და საშინაო პოლიტიკა“, – განაცხადა გიორგობიანმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორია სწორი საგარეო თუ საშინაო პოლიტიკა და ფიქრობს თუ არა, რომ ნეიტრალიტეტია ის კონცეფცია, რომელიც შეაკავებს მტრულად განწყობილ სახელმწიფოებს, ბიძინა გიორგობიანმა განაცხადა, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ და მივაღწიოთ, საქართველო გახდეს კონსენსუსის ქვეყანა იმ სახელმწიფოებს შორის, რომლებსაც აქვთ ინტერესები სამხრეთ კავკასიაში.
„კონსენსუსი არის საუკეთესო შემაკავებელი, ვიდრე რომელიმე სამხედრო ბლოკის წევრობა. სამხედრო ბლოკის წევრობა ჩვენ გვიქადის ავტომატურად დაპირისპირებას მეორე სამხედრო ბლოკთან. ვიმყოფებით არეალში, სადაც, ერთი მხრივ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყანა თურქეთი და, მეორე მხრივ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მტერი რუსეთი არიან საქართველოს უშუალო მეზობლები. საქართველო არის მათ შორის მოქცეული ქვეყანა. აქვე უნდა გავითვალისწინოთ ძალიან გაძლიერებული ირანის ფაქტორიც. ჩვენ, საქართველო და ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი, როგორც ძალიან მოხერხებულად და მოსწრებულად თქვა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, დღეისთვის ვართ ჩინური პროექტის: „ერთი გზა – ერთი სარტყელის“ შემადგენელი ქვეყნები. უკვე რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ითქვა, რომ საქართველო, თითქოს უნდა გამხდარიყო ერთ-ერთი სამხედრო ბლოკის წევრი და ის სამხედრო ბლოკი, მგონი, უკვე მხოლოდ ფიქციად თუ იქცა. ჩვენ უნდა დავიწყოთ მუშაობა არა იმაზე, რომელ სამხედრო ბლოკს გამოვუცხადებთ ერთგულებას, არამედ ჩვენ გვაქვს დღეს საშუალება, ამ კონკურენტ სახელმწიფოებს საქართველოს ტერიტორიაზე ჰქონდეთ თანამშრომლობის სივრცე, ოღონდ ეს თანამშრომლობის სივრცე და აქ უსაფრთხოების გარანტია უნდა შექმნას საქართველომ, მისმა ხელისუფლებამ და მოსახლეობამ, ისე, როგორც ამას აკეთებენ სხვა ნეიტრალური ქვეყნების საზოგადოებები“, – განაცხადა გიორგობიანმა.