ბიძინა გიორგობიანი – მნიშვნელობა არ აქვს, ვინ შეიტანს სარჩელს, ეს პარტიები არათუ უნდა აიკრძალოს, არამედ აკრძალვის სიაში უნდა მოხვდნენ ის მხარდამჭერებიც, რომლებიც ძალით უბიძგებენ მათ, დაარღვიონ კონსტიტუცია
გერმანიაში დაახლოებით 15 წლის წინ აიკრძალა ორი პარტია, რომლებიც თავიანთი სლოგანებით და მოქმედების ტაქტიკით, როგორც კონსტიტუციის დაცვის სამსახურმა ჩათვალა, ძალიან ჰგავდა და იმეორებდა „ნაციონალურ-სოციალისტური“ პარტიის ნაბიჯებს და მათ რიტორიკას, – ამის შესახებ პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა, პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, ბიძინა გიორგობიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ სტუმრობისას განაცხადა.
„საზოგადოებამ კარგად იცის, რომ „ნაციონალურ-სოციალისტურ“ პარტიას ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავდა თვითონ ომის დასრულების დროს, იმის შემდეგაც და ახლაც არიან. ეს რაც შეეხება ისტორიას. გერმანიაში დაახლოებით 15 წლის წინ აიკრძალა ორი პარტია, რომლებიც თავიანთი სლოგანებით და მოქმედების ტაქტიკით, როგორც კონსტიტუციის დაცვის სამსახურმა ჩათვალა, ძალიან ჰგავდა და იმეორებდა „ნაციონალურ-სოციალისტური“ პარტიის ნაბიჯებს და მათ რიტორიკას. იცით რა არის, ეს პარტიები არათუ უნდა აიკრძალოს მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების და მათ მიერ ჩადენილი საქმიანობის გამო, არამედ ის მხარდამჭერები, რომლებიც ძალით უბიძგებენ მათ, დაარღვიონ კანონი, დაარღვიონ კონსტიტუცია, მოაწყონ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობები, ქვეყანა პერმანენტულად ამყოფონ რაღაც ტროცკისტული პერმანენტული რევოლუციის რეჟიმში, ასეთი აქტიური მხარდამჭერებიც კი უნდა მოხვდნენ ამ აკრძალვის სიაში. ეს არასდროს არ დასრულდება, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, საზოგადოების პოლარიზაცია და საზოგადოებაში გაუთავებელი შფოთის შემოტანა, რომელიც მერე აისახება პოლიტიკურ ცხოვრებაზე, პარლამენტში არშესვლა, საპარლამენტო არჩევნების გამოყენება არა იმისთვის, რომ რაღაც პროგრამები წარმოადგინონ, არამედ დაელოდონ პარლამენტის არჩევნების შედეგებს, რათა მერე ეს შედეგები გამოიყენონ რევოლუციის ტრიგერად და ამ ჩაკეტილი წრიდან უნდა გამოვიდეთ“, — განაცხადა გიორგობიანმა.
მისი თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, სარჩელს ვინ შეიტანს, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო და სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა იყოს ისეთი, რომელიც საქართველოს მომავლისათვის იქნება უკეთესი.
„საქართველოს მომავლისთვის უკეთესი იქნება გადაწყვეტილება, რომელიც ამ გაუთავებელ რევოლუციურ სცენარებს დაუდებს ზღვარს და დასრულება ამით ჩაკეტილ წრეზე სიარული“, – განაცხადა გიორგობიანმა.
როგორც პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა აღნიშნა, იმავე ჩაკეტილ წრეზე სიარულია ის, რასაც დღეს ვუყურებდით ევროკავშირში პრემიერ-მინისტრის სტუმრობისას, როდესაც „ქართული ოცნება“ ისევ ამბობს, რომ ჩვენ ღირსებით უნდა შევიდეთ ევროკავშირში.
„ჯერ ერთი, რამე პოლიტიკური კრიტერიუმი, საზომი ღირსებისა არ არის. ის, რაც ჩვენთვის ღირსებაა, სულაც არ აღმოჩნდა ღირსება, მაგალითად, იმ როთისთვის, აქ რომ ჩამოდიოდა და ამბობდა, თქვენ რა, მარტო ეკლესიით და სარწმუნოებით გინდათ, ევროკავშირში შემოხვიდეთო? ანუ, იმას, რაც ჩვენ ღირსებად მიგვაჩნია, ის მხარე არ თვლის ღირსებად. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ეს იყო ტყუილი, მცდარი ორიენტირი. ანუ, ის ევროპა, რომელიც ჩვენ წარმოდგენაში იყო, რომელიც ერთი პერიოდი მართლა არსებობდა აშშ-ის სამხედრო საფარქვეშ და ჩინური და რუსული ეკონომიკების დახმარებით, ახლა აღარ არსებობს. რეალობა ასეთია, სამწუხაროდ, და ჩვენ გვიჭირს ამ რეალობის აღქმა. თითქოს ხელისუფლება ტოვებს ჩემზე შთაბეჭდილებას, რომ დროის გაყვანის ტაქტიკა აქვთ, მივყვეთ დინებას, შევხედოთ, რა იქნება და ამასობაში ეს დინება მიდის ისე, რომ ხდება ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირება, არის რაღაც პოლიტიკური პლატფორმები და არის პოლიტიკური დიალოგები, სადაც ჩვენზე ლაპარაკობენ, ჩვენ კი იქ არ ვართ, რადგან ჩვენ ვიყურებით მხოლოდ ევროპაში. ანუ, ჩვენ ვაღიარეთ ოდესღაც, რომ განვითარება და პროგრესი არის მხოლოდ ევროპაში და აქედან არ გადავდივართ, მივყვებით ამ პირველ ჩვენებას ბოლომდე, რაც, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად, ძალიან წამგებიანი იქნება საქართველოსათვის“, – განაცხადა გიორგობიანმა.
მისივე თქმით, ძალიან კარგია, რომ დღეს პარლამენტის თავმჯდომარე იყო ყირგიზეთში.
„ვინაიდან ყირგიზეთი იყო ერთ-ერთი საბჭოთა შუააზიური რესპუბლიკა, სადაც ქართული ბრენდები და საქართველოს შესახებ წარმოდგენები ზეპირად იციან, ჯერ კიდევ ცოცხალია ის თაობა, რომელმაც იცის ეს. ჩვენთან ურთიერთობა უნდათ, სავაჭრო ურთიერთობა, საქართველოს გამოყენება დამაკავშირებელ დერეფნად შუა აზიისა და ჩინეთისთვის, რაზეც ისინი აქტიურად თანამშობლობენ ჩვენთან. ჩვენ კი მაინც ჯიუტად ვიძახით, რომ ჩვენ უნდა შევიდეთ ევროკავშირში. პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ არ უჭერს მხარს არცერთ სამხედრო გაერთიანებაში საქართველოს ინტეგრაციას და არცერთ პოლიტიკურ და ეკონომიკურ გაერთიანებაში ისეთ ინტეგრაციას, რომელიც ჩვენ აგვიკრძალავს სხვა ეკონომიკურ გაერთიანებებთან თანამშრომლობას. ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია. სწორედ ამიტომ ჩვენ ვატარებთ 5 ნოემბერს საერთაშორისო კონფერენციას, სადაც საქართველოს ნეიტრალიტეტის შესახებ გვექნება ძალიან საინტერესო დისკუსია, სტუმრები გვყავს 10 სახელმწიფოდან ჩამოსული და გვექნება დისკუსია ამის თაობაზე“, – განაცხადა გიორგობიანმა.