ძალადობას რომ ყველა ვგმობთ, მოგება რომ კარგია და წაგება ცუდი, ეს ყველამ ვიცით, მაგრამ უნდა ვნახოთ, სად არის ძალადობის სათავე, – ამის შესახებ მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბიძინა გიორგობიანმა პირველი არხის ეთერში განაცხადა.
„ნიღბოსანი მომიტინგეები, რომლებიც ყოველგვარი დაშვებული ხერხების გარეშე აკეთებენ სიტუაციის ესკალაციას და ათი დღეა, ქალაქში თარეშობენ, ისვრიან ყველა საგანს, რაც ხელში მოხვდებათ, პიროტექნიკის გარდა, ისვრიან მომაკვდინებელ იარაღს, შურდულს, რომლითაც არა ერთი პოლიციელი დაშავდა. აქ თამარ ჩერგოლეიშვილი რომ აჩვენებდა სურათებს, ასეთივე სურათები არსებობს იმ დაზიანებული პოლიციელებისაც, რაც მინისტრის მოადგილემ აჩვენა. ეს პროცესი არის უხილავი ხელით მართული. მთავარი ახლა იქ ის ნიღბოსანია ხალხია. ეს რომ ვთქვათ, რომ ახალგაზრდულილი პროტესტია, ასე არ არის, იქ დგანან ახალგაზრდებიც, მოხუცებიც და ხანში შესული ხალხიც და ძველმოდური დაყოფა მამებს და შვილებს შორის, სისულელეა. ეს არანაირი მამებსა და შვილებს შორის პროტესტი არ არის. საუბარია, რომ მხოლოდ ახალგაზრდები მონაწილეობენ, მაგრამ იქ მე იმდენ ახალგაზრდას ვერ ვხედავ, რამდენასაც, დავუშვათ, ხანდაზმულ ხალხს, რომლებსაც თავიანთი გარკვეული მოსაზრებები აქვთ ამ მთავრობის წინაშე“, – განაცხადა გიორგობიანმა.
მისი თქმით, საუბარია იმაზე, რომ 28 ნოემბრის განცხადების შემდეგ ხალხი ხელისუფლებას არ ენდო, მაგრამ ეს ასე არ არის.
„ხელისუფლებას არაფერი არ შეუჩერებია. ხელისუფლებას არც ის უთქვამს, ჩვენ ვწყვეტთ ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით მუშაობასო. არსებობს კოპენჰაგენის 35 კრიტერიუმი, ეს უნდა ვთარგმნოთ ქართულად, გამოვაქვეყნოთ, უნივერსიტეტებში შევიდეთ და ახალგაზრდებს დაველაპარაკოთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ასე არ ხდება. თუ მათ ჰგონიათ, რომ რუსთაველს გადაბუგავენ და მეორე დილით ევროკავშირში მიიღებს ვინმე, ძალიან ცდებიან. ევროკავშირში შესვლა არის ძალიან რთული პროცესი. ხელისუფლებამ თქვა, რომ ამ კრიტერიუმების მიმართულებით აგრძელებს მუშაობას. თქვეს, ვმუშაობთ ინტენსიურადო. ეს კრიტერიუმები თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაშიც არის და ასოცირების ხელშეკრულებაშიც, თავიდან ბოლომდეა გაწერილი“, – განაცხადა გიორგობიანმა.
გიორგობიანმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოსთვის მოლაპარაკებების არგახსნის გადაწყვეტილება იყო წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილება.
„ეს არის ბერკეტი, რომ საქართველოში არ გვინდა ეს ხელისუფლება, რომელსაც აქვს საქართველოს ინტერესების დაცვის პრეტენზია. ხელისუფლება ამბობს, ჩვენ ვიცავთ ქართველი ერის ინტერესებს და ეს მოახერხეს კიდევაც, რომ არ ჩაებნენ სისხლისმღვრელ ომში და აარიდეს საქართველოს ეს ომი, ჯერჯერობით. ისინი ცდილობენ, რაღაც მაიდნის მსგავსი სცენარი გაიმეორონ, რაც გახსოვთ, როგორ ხდებოდა უკრაინაში, მაგრამ საქართველოში არ გამოვა და ვერ გამოვა, იმიტომ, რომ ამას სოციალური საფუძველი არ აქვს. არჩევნების შემდეგ ხელისუფლებას აქვს ლეგიტიმაცია და ხელახალ არჩევნებზე საუბარი, თავი რომ დავანებოთ იმას, თუ რატომ უნდა ჩატარდეს ხელახლა, როდესაც არჩევნები შედგა და მთავარმა სადამკვირვებლო მისიამ და ყველა დამკვირვებელმა აღიარა, როგორც შემდგარი არჩევნები, არის ფორმირებული პარლამენტი და ხელისუფლება, იურიდიულადაც კი შეუძლებელია. რომ ამბობენ, ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოსო, ვინ უნდა დანიშნოს ეს არჩევნები, იმ ხელისუფლებამ, რომელზე ესენი ამბობენ, არალეგიტიმურიაო? მაშინ, ეგ არჩევნებიც ხომ არალეგიტიმური გამოდის? ანუ, არიან ჩაკეტილ წრეში. ესენი, მე ვიცი, ელოდებიან ახლა სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ჩამოვა საფრანგეთიდან, თავისი სამშობლოდან დირექტივებით, ბრიუსელის ბიუროკრატიისგან ჩამოიტანს რაღაც მითითებებს, აქ როგორ უნდა დალაგდნენ. ნელ-ნელა ეს დამალული პოლიტიკოსები გამოვლენ სადარბაზოებიდან, არჩევნებში ბარიერგადალახული პარტიებიც, ის პარტიებიც, რომლებმაც ბარიერი ვერ გადალახეს და გაერთიანდებიან სალომე ზურაბიშვილის გარშემო, ვინაიდან ეს დღეისათვის არის, როგორც რვაფეხას გულში მდებარე თვალი. ამ ადამიანს აქვს დარჩენილი ორი კვირა და ხუთი დღე იმ სასახლეში ყოფნის და ამას გამოიყენებენ, რომ იქნებ როგორმე პოლიტიკურ კრიზისში გადაზარდონ თბილისში არსებული ვითარება“, – განაცხადა გიორგობიანმა.
ამასთან, ბიძინა გიორგობიანმა იმედი გამოთქვა, რომ ხელისუფლებას და ქართველ ერს ეყოფა სიმტკიცე, გამძლეობა და ერთიანობა, რათა მეორედ არ დაუშვას თბილისში პუტჩის შედეგების გამეორება.
„მე ამის საშიშროებას ვხედავ. იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილი ამას უკვე მეორედ აკეთებს. პირველად, ის მონაწილეობდა 1992 წლის სამხედრო გადატრიალებაში. ის და მისი ქმარი, ჯანრი კაშია პარიზში უშვებდნენ ჟურნალს, რითიც ისინი პირდაპირ ახალისებდნენ და პირდაპირ მოუწოდებდნენ საქართველოში სისხლისღვრისკენ. ეს არ არის ბრალდება. მე ეს ჟურნალი მანქანაში მაქვს გარეთ, რომელიც გამოშვებულია 1992 წელს. თან ევროპის სახელით აკეთებდნენ ამ პუტჩს, რომ იცოდეთ. ევროპის სახელით აქეზებდა სალომე ზურაბიშვილი და მისი მეუღლე პუტჩისტებს საქართველოში. მათ სახლში ჰქონდათ მოწყობილი რაღაც ქართულ-ევროპული ინსტიტუტი და ეს ინსტიტუტი პირდაპირ მოუწოდებდა საქართველოში სამხედრო გადატრიალებისკენ, მერე კი მადლობას უხდიდა სამხედრო გადატრიალებაში მონაწილე პირებს, რომ სისხლისმღვრელი რეჟიმი დაემხო და რომ დემოკრატიამ გაიმარჯვა. აი, ამაში ეს ქალი მონაწილეობს უკვე მეორედ და მისთვის ეს უცნობი სფერო არ არის“, – განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.