„ბიბისის“ რადიოგადაცემა NEWSDAY კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს წარმატებით დაინტერესდა
„ბიბისის“ რადიოგადაცემა NEWSDAY კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს წარმატებით დაინტერესდა

„ბიბისის“ (BBC) რადიო პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს წარმატებით დაინტერესდა. გადაცემის წამყვანმა ლორენს პოლადმა აღნიშნა, რომ ბევრი ქვეყანა ამ ბრძოლაში საქართველოს სანიმუშო ქვეყნად მიიჩნევს და მის გამოცდილებას სწავლობს. „ბიბისის“ რადიოს გადაცემა NEWSDAY-ს შეკითხვებს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა უპასუხა. მან პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს წარმატების მიზეზად, ადრეულ ქმედებებთან ერთად, მოსახლეობის პასუხისმგებლობა დაასახელა.

„ჩვენი წარმატების მიზეზი ადრეული და გადამწყვეტი ქმედებებია. ჩვენ ზედმიწევნით ვითვალისწინებდით ჩვენი ჯანდაცვის სპეციალისტებისა და ეპიდემიოლოგების რჩევებსა და რეკომენდაციებს. ძალიან ადრეულ ეტაპზე დავიწყეთ მოქმედება – 22 იანვრიდან ქვეყანაში ყველა ჩამომსვლელის თერმოსკრინინგი ხორციელდებოდა და საკმაოდ მკაცრი წესები განვსაზღვრეთ სკრინინგისთვის და ცხელ წერტილებად მიჩნეული ქვეყნებიდან ჩამოფრენილი მგზავრების შემოწმებისთვის“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობამ არსებული მდგომარეობის მიღწევა ქვეყნის მოსახლეობის მხარდაჭერით შეძლო.

„თავიდანვე ძალიან კარგი კომუნიკაცია გვქონდა. გვესმოდა, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში გამარჯვება მხოლოდ მოსახლეობის მხარდაჭერით შეიძლება. არცერთ მთავრობას არ ძალუძს ამ გამოწვევის მარტო დაძლევა და ქვეყნის მოქალაქეებთან თავიდანვე მკაფიო კომუნიკაციას ვაწარმოებდით. მინდა ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და ვთქვა, რომ ჩვენი მოსახლეობა პასუხისმგებლობით მოეკიდა საკითხს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მან აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა კორონავირუსთან ბრძოლის პარალელურად, ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიმართულებითაც მუშაობს.

„მარტის ბოლოდან ამოქმედდა შეზღუდვები და ხალხს შინ დარჩენისკენ მოვუწოდეთ. უკვე ერთი თვე ხდება, თუმცა ეს დაბალანსებული მდგომარეობაა. ორ ფრონტზე გვიწევს ბრძოლა: ერთი მხრივ კორონავირუსს ვებრძვით და მეორე მხრივ ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობას ვცდილობთ“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

„ბიბისისთან“ ინტერვიუში ლუგარის ცენტრზე საუბრისას მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრს, დღეის მდგომარეობით, დაახლოებით 7000 ადამიანი ჰყავს შემოწმებული.

„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, შეერთებული შტატების, დახმარებით თბილისში ლუგარის ლაბორატორია ფუნქციონირებს. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ჩვენი პარტნიორების დახმარება აქვთ მიღებული. ლაბორატორიული ტესტირება ერთ-ერთი, თუმცა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. 7000 ადამიანამდე გვყავს შემოწმებული დღეის მდგომარეობით. ტესტირება ხდებოდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული პროტოკოლების საფუძველზე“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით, „ბიბისის“ შეკითხვის საპასუხოდ, ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ ვაქცინის ან მედიკამენტის არსებობამდე, შესაბამისი ნაბიჯები, სიფრთხილით უნდა გადაიდგას. მაია ცქიტიშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა ეკონომიკური საქმიანობის განახლების გეგმაზე უკვე მუშაობს.

„უპირველეს ყოვლისა, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ შეზღუდვების შერბილებისას, რადგან უდიდესი ცდუნება ჩნდება ინფიცირების მაჩვენებლების კლების ფონზე. ფრთხილად უნდა ვიყოთ და ზედმიწევნით დავიცვათ სოციალური დისტანცირების წესები. მიმაჩნია, რომ ყველამ უნდა გააცნობიეროს ვირუსთან ადაპტაციის აუცილებლობა, სანამ ვაქცინა ან წამალი იარსებებს. უნდა ვისწავლოთ ახალ კორონავირუსთან თანაარსებობა. უკვე დავიწყეთ ეკონომიკური საქმიანობის განახლების გეგმაზე მუშაობა, რომელიც გულისხმობს ზოგიერთი, დაბალი რისკის მქონე ეკონომიკური სუბიექტების ეტაპობრივ გახსნას. ტესტირებაც ძალიან მნიშვნელოვან და ქმედით ინსტრუმენტად დარჩება ვირუსის გავრცელების კონტროლის საქმეში, თუმცა სოციალური დისტანცირების ზომები ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.