„ბიბისის“ ინფორმაციით, მექსიკაში, მორმონების ოჯახზე თავდასხმისას 13 წლის მოზარდმა საკუთარი ექვსი და-ძმა გადაარჩინა
„ბიბისის“ ინფორმაციით, მექსიკაში, მორმონების ოჯახზე თავდასხმისას 13 წლის მოზარდმა საკუთარი ექვსი და-ძმა გადაარჩინა

მექსიკაში, მორმონების ოჯახზე თავდასხმის დროს 13 წლის მოზარდმა საკუთარი ექვსი და-ძმა გადაარჩინა. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, მორმონების ოჯახის 13 წლის წარმომადგენელმა თავდასხმის დროს საკუთარი და-ძმა ბუჩქებში დამალა.

მორმონების ჯგუფში სამი დედა და მათი 14 ბავშვი იყვნენ. ისინი სამი ავტომობილით მექსიკაში, სონორას შტატიდან მეზობელ, ჩიჰუაჰუას შტატში მიემგზავრებოდნენ, როდესაც ადგილობრივი კრიმინალური ნარკოკარტელის წევრებმა მათზე თავდასხმა განახორციელეს. სწორედ ამ დროს, 13 წლის დევინ ლენგფორდმა საკუთარი ექვსი და-ძმა მიმდებარე ტერიტორიაზე, ბუჩქებში გადაიყვანა და ფოთლებით დაფარა. ამის შემდეგ 13 წლის მოზარდმა უახლოეს დასახლებულ პუნქტამდე 23 კილომეტრი გაიარა, რათა დახმარებისთვის მიემართა.

„ბიბისის“ ინფორმაციით, ვიდრე უფროსი ძმა დახმარების სათხოვნად იყო წასული, მცირეწლოვანი ბავშვები იმავე ბუჩქებში იმალებოდნენ. სამალავიდან გამოსვლა მხოლოდ მათ შორის ყველაზე უფროსმა, 9 წლის მაკენზიმ გაბედა. მცირეწლოვანმა ღამით ოთხი საათი იარა. მოგვიანებით ის მაშველებმა იპოვეს. ნარკოკარტელის თავდასხმას ასევე გადაურჩა შვიდი თვის ფეით ლენგფორდი, სროლის დროს მისი ავტოსავარძელი დედამ მანქანის იატაკზე დადო. ამის შემდეგ ქალი მანქანიდან ხელაწეული დაგავიდა, რათა თავდამსხმელებს სროლა შეეწყვიტათ, თუმცა ბოროტმოქმედებმა ის სასიკვდილოდ დაჭრეს.

„ბიბისის“ ინფორმაციით, მექსიკის ჩრდილოეთში მომხდარი თავდასხმის დროს სულ ცხრა ადამიანი დაიღუპა, მათგან სამი ქალი და ექვსი ბავშვი. ისინი მორმონების ეკლესიის წარმომადგენლები იყვნენ და მექსიკაში საცხოვრებლად ათწლეულების წინ გადავიდნენ.

მექსიკის უსაფრთხოების მინისტრმა განაცხადა, რომ მორმონების ოჯახზე თავდასხმა სავარაუდოდ შეცდომით იდენტიფიცირების გამო მოხდა. თუმცა, როგორც მსხვერპლების ახლობლები ყვებიან, ისინი ადგილობრივი ნარკოკარტელების ძალადობის შესახებ ყოველთვის ხმამაღლა საუბრობდნენ, რის გამოც კარტელის მხრიდან მუქარებს ხშირად იღებდნენ.

თავდასხმას უკვე გამოეხმაურნენ აშშ-შიც. დონალდ ტრამპმა მეზობელ ქვეყანას კრიმინალურ დაჯგუფებასთან გასამკლავებლად მხარდაჭერა შესთავაზა. ადგილობრივ გამომძიებლებს დახმარება შესთავაზა გამოძების ფედერალურმა ბიურომაც.​

სონორას შტატში ორი ერთმანეთთან დაპირისპირებული კრიმინალური დაჯგუფება, „ლა ლინეას“ და „ლოს ჩალოს“ კარტელები მოქმედებენ.

მორმონების ჯგუფზე მექსიკაში, აშშ-ის საზღვართან შეიარაღებული თავდასხმა გუშინ მოხდა. თავდასხმისას ცხრა ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც დაიღუპნენ.