„ბიბისის“ ცნობით, მადრიდში ელექტროენერგიის გათიშვის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა, 13 კი დაშავდა
„ბიბისის“ ცნობით, მადრიდში ელექტროენერგიის გათიშვის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა, 13 კი დაშავდა

მადრიდის სამხრეთით, კარაბანჩელის რაიონში ელექტროენერგიის გათიშვის დროს გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. „ბიბისის“ ინფორმაციით, პირველადი ვერსიით, ხანძარი სანთელმა გამოიწვია. მადრიდის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ცნობით, ელექტროენერგიის გათიშვის დროს მადრიდში დაშავდა 13 ადამიანი, რომელთაგან ხუთი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, მადრიდის სხვა რაიონებში მეხანძრეებმა გადაარჩინეს 200-ზე მეტი ადამიანი, რომელთა უმეტესობა ელექტროენერგიის გათიშვის შემდეგ ლიფტებში იყო ჩარჩენილი.

შეგახსენებთ, გუშინ ესპანეთსა და პორტუგალიაში მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ესპანეთსა და პორტუგალიაში შეჩერდა მატარებლების მოძრაობა, როგორც ადგილობრივი, ასევე საქალაქთაშორისო რეისები. შეჩერებული იყო საჰაერო მიმოსვლაც. ელექტროენერგიის გათიშვის შედეგად ორივე ქვეყანაში გაითიშა შუქნიშნები, რამაც გზებზე ქაოსი გამოიწვია. ამჟამად ორივე ქვეყანაში ელექტროენერგიის მიწოდება თითქმის სრულად აღდგა, თუმცა ტრანსპორტი კვლავ შეფერხებით მუშაობს.