„ბიბისი“ - წინასწარი მონაცემებით, ჯორჯიის შტატში სენატის არჩევნების მეორე ტურის შედეგად, მოქმედი დემოკრატი სენატორი რაფაელ უორნოკი იმარჯვებს
„ბიბისი“ - წინასწარი მონაცემებით, ჯორჯიის შტატში სენატის არჩევნების მეორე ტურის შედეგად, მოქმედი დემოკრატი სენატორი რაფაელ უორნოკი იმარჯვებს

წინასწარი მონაცემებით, ჯორჯიის შტატში სენატის არჩევნების მეორე ტურის შედეგად, მოქმედი დემოკრატი სენატორი რაფაელ უორნოკი იმარჯვებს. შესაბამის ინფორმაციას „ბიბისი“ Edison Research-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

უორნოკმა მეორე ტურში რესპუბლიკელი კანდიდატი ჰერშელ უოლკერი დაამარცხა. ამგვარად, 100-ადგილიან სენატში დემოკრატებს – 51, რესპუბლიკელებს კი – 49 ხმა ექნებათ.

წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ, ორივე კანდიდატმა მხარდამჭერებს უკვე მიმართა და მათ მადლობა გადაუხდა. დემოკრატ რაფაელ უორნოკის თქმით, რთული კამპანიის შემდეგ მისთვის პატივია, წარმოთქვას დემოკრატიის ყველაზე ძლიერი სიტყვები: „ხალხმა თავისი სათქმელი თქვა“.

დამარცხებულმა რესპუბლიკელმა, ჰარშელ უოლკერმა განაცხადა, რომ, მისი მრავალი სპორტული მიღწევის მიუხედავად, სენატში კენჭისყრა იყო საუკეთესო რამ, რაც კი მთელი ცხოვრების განმავლობაში გაუკეთებია. ამასთან, როგორც უოლკერმა აღნიშნა, არასდროს შეწყვეტს ბრძოლას ჯორჯიისთვის.