„ბიბისი“ – უკრაინაში გამოააშკარავეს დანაშაულებრივი ორგანიზაცია, რომელსაც პროკურატურის ერთ-ერთი ხელმძღვანელი მეთაურობდა, ორგანიზაციის წევრები ქოლცენტრების მფარველობაში არიან ეჭვმიტანილი
უკრაინის ანტიკორუფციულმა უწყებებმა გამოააშკარავეს დანაშაულებრივი ორგანიზაცია, რომელსაც გენერალური პროკურატურის ოფისის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი მეთაურობდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
გამოძიების თანახმად, ორგანიზაციის წევრები ქრთამს იღებდნენ თაღლითური ქოლცენტრებისგან და უკანონოდ მიღებულ თანხებს ათეთრებდნენ.
ანტიკორუფციულმა უწყებებმა გამოძიებას „კართაგენი“ უწოდეს. მათ გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელშიც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების სატელეფონო საუბრების ფარული ჩანაწერები და ვიდეოთვალთვალის კადრებია ნაჩვენები.
სამართალდამცველების ინფორმაციით, 2025 წლის შუა პერიოდში უკრაინის გენერალური პროკურატურის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა შექმნა დაჯგუფება, რომელიც ქოლცენტრებს მფარველობდა და მათგან თანხებს იღებდა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ ცენტრების თანამშრომლები უკრაინისა და ევროპის ქვეყნების მცხოვრებლებს ურეკავდნენ და თაღლითური სქემებით ფულს სძალავდნენ.
უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლების თქმით, დანაშაულებრივ ორგანიზაციაში საკვანძო როლს ასრულებდა გენერალური პროკურატურის ოფისის მაღალჩინოსანი, მეტსახელად „კანცლერი“, რომელიც მოქმედებდა ვინმე „შეფის“ მფარველობის ქვეშ.
საქმეში ფიგურირებენ „მუზა“ – „კანცლერის“ ახლობელი პირი, „კამრადი“ – „კანცლერის“ მძღოლი და „ფლეში“ – „კანცლერის“ თანაშემწე, ასევე სხვა პირები.
„ბიბისი“ წერს, რომ ოფიციალურად უწყებებს ეჭვმიტანილების ვინაობა არ დაუსახელებიათ. თუმცა კვირას უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა გენერალური პროკურატურის ოფისის საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, სერგეი კრაპივას. ის პატიმრობიდან გათავისუფლებას შეძლებს, თუ გირაოს სახით 120 მილიონ გრივნას, დაახლოებით 2,7 მილიონ აშშ დოლარს გადაიხდის.
გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ იუწყება, რომ, თავისი წყაროების ინფორმაციით, სწორედ კრაპივა არის გამოძიების მთავარი ფიგურანტი.
მედიის ვერსიით, პირი, მეტსახელად „შეფი“, შესაძლოა, უკრაინის გენერალური პროკურორი რუსლან კრავჩენკო იყოს. თუმცა თავად კრავჩენკომ კვირას რამდენჯერმე განაცხადა, რომ მას „არანაირი კავშირი არ აქვს უკანონო ქოლცენტრების მფარველობასთან“.
მისივე თქმით, გამოძიებაში ფიგურანტი გენერალური პროკურატურის ოფისის თანამშრომელი თანამდებობიდან ჩამოაშორეს.
გენერალურმა პროკურორმა ასევე გასცა განკარგულება, შემოწმდეს საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტისა და კიბერდანაშაულთან ბრძოლის განყოფილების საქმიანობა.
გარდა ამისა, კრავჩენკოს განცხადებით, პროკურატურის ყველა თანამშრომელმა, რომლებსაც უკანონო ქოლცენტრების საქმიანობასთან დაკავშირებული საქმეების გამოძიებასთან აქვთ კავშირი, პოლიგრაფზე შემოწმება უნდა გაიარონ.
გენერალურმა პროკურორმა ასევე მოიყვანა სტატისტიკა ქოლცენტრების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ. მისი თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში სამართალდამცველებმა 1 050-ზე მეტი ჩხრეკა ჩაატარეს, აღკვეთეს დაახლოებით 340 ქოლცენტრის საქმიანობა და დახურეს 5 000-ზე მეტი ოპერატორის სამუშაო ადგილი.
უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გენერალური პროკურატურის ოფისში ჩხრეკა ჩატარდა. კრავჩენკოს განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებების დროს დეტექტივებს მის სამუშაო კაბინეტში სრული წვდომა ჰქონდათ და მათთვის ხელი არავის შეუშლია. კრავჩენკო ასევე ამტკიცებს, რომ ფულით სავსე სეიფი, რომლის ფოტოც მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელდა, გენერალური პროკურატურის ოფისში არ აღმოუჩენიათ.
გამოძიების ვერსიით, ოპერაცია „კართაგენის“ ფიგურანტები ქრთამს იღებდნენ იმის სანაცვლოდ, რომ ქოლცენტრების საქმიანობაში არ ჩარეულიყვნენ.
გამომძიებლების აზრით, ჯგუფის წევრები მიღებულ თანხებს სხვადასხვა ფინანსური სქემის მეშვეობით ათეთრებდნენ. კერძოდ, სამართალდამცველების ინფორმაციით, 20 მილიონზე მეტი გრივნა, დაახლოებით 447 ათასი დოლარი, დახარჯულია უძრავი ქონების, ძვირფასეულობისა და სხვა ძვირფასი ნივთების შესაძენად. კიდევ 12 მილიონ გრივნაზე მეტი, გამოძიების ვერსიით, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მესამე პირებზე გადააფორმა, რათა ქონების რეალური მფლობელები დაემალათ. მათ შორისაა უძრავი ქონება კარპატების ერთ-ერთ პოპულარულ დასასვენებელ კომპლექსში.
გარდა ამისა, გამოძიების ინფორმაციით, ჯგუფის წევრებმა 10 მილიონ გრივნაზე მეტი საკუთარი ნათესავებისა და ახლო პირების ანგარიშებზე გადარიცხეს და ეს თანხები სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლად გააფორმეს.
გამოძიების ინფორმაციით, დადგენილია ხუთი სავარაუდო ეჭვმიტანილი, რომლებსაც ბრალად ედებათ დანაშაულებრივი ორგანიზაციის შექმნა და მასში მონაწილეობა, ასევე დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ლეგალიზაცია.
უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროსა და სპეციალურ ანტიკორუფციულ პროკურატურაში აცხადებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.