„ბიბისი“ - სირიის სახელისუფლებო ძალებმა ამბოხებულებს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი დაატოვებინეს
„ბიბისი“ - სირიის სახელისუფლებო ძალებმა ამბოხებულებს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი დაატოვებინეს

პირველად, ხუთი წლის შემდეგ სირიის სახელისუფლებო ძალებმა ამბოხებულებს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი დაატოვებინეს. ამის შესახებ „ბიბისი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ბაშარ ალ-ასადის ძალებმა, რომლებსაც დახმარებას რუსეთი უწევს, იდლიბის პროვინციაში, ამბოხებულებს იძულებით ხან-შაიხუნი დაატოვებინეს და ქალაქზე კონტროლის თავად დააწესეს.

ქალაქი ხან-შაიხუნი სირიის სამოქალაქო ომის ფარგლებში დაპირისპირების ერთ-ერთი ეპიცენტრია. გაერო-ს ცნობით, 2017 წელს ხან-შაიხუნში ქიმიური იარაღიც კი გამოიყენეს. აღნიშნულმა ინციდენტმა რეგიონში აშშ-ის სამხედრო გააქტიურება გამოიწვია. ორ უდიდეს ქალაქ დამასკოსა და ალეპოს შორის დამაკავშირებელი გზა სწორედ ხან-შაიხუნზე გადის.

აღნიშნულ ქალაქზე კონტროლის მოპოვების მიზნით ასადის ძალებსა და ამბოხებულებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება ბოლო რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. ამ ხნის განმავლობაში კონფლიქტს ასობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. ათობით ათასი ადგილობრივი კი იძულებული გახდა მშობლიური სახლი დაეტოვებინა.

იდლიბის პროვინცია ჰამას ჩრდილოეთსა და ალეპოს დასავლეთთან ერთად ამბოხებულების მთავარ დასაყრდენს წარმოადგენს.