„ბიბისი“ - შეზღუდვების ფონზე, საქართველოში ათასობით მორწმუნეს აქვს უფლება, ქვეყნის მასშტაბით ტაძრებში თავისუფლად ილოცოს
„ბიბისი“ - შეზღუდვების ფონზე, საქართველოში ათასობით მორწმუნეს აქვს უფლება, ქვეყნის მასშტაბით ტაძრებში თავისუფლად ილოცოს

„ბიბისის“ წერს, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანები აღდგომის დღესასწაულს მკაცრი შეზღუდვების ფონზე აღნიშნავენ.

გაერთიანებული სამეფოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, აღმოსავლეთ ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში ეკლესიებში ღვთისმსახურება მრევლის გარეშე ჩაივლის.

„თუმცა, საქართველოში, მორწმუნეებს აქვთ საშუალება, შეიკრიბონ ეკლესიებში“ – წერს „ბიბისი“.

„ასეთი წყნარი თბილისი არასდროს ყოფილა. მთავრობამ აკრძალა ავტომობილებით გადაადგილება. სასაფლაოები, სადაც ქართველები ტრადიციულად ორშაბათს მიდიან, დახურულია. მოქალაქე, ვინც საგანგებო მდგომარეობის შესახებ კანონს დაარღვევს, რაც სამზე მეტი ადამიანის შეკრებას კრძალავს, 1000 დოლარის ოდენობით ჯარიმას გადაიხდის, მაგრამ, ბევრი ქართველი კითხულობს, რატომ დაუშვა მთავრობამ შეღავათი მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. ათასობით მორწმუნეს აქვს უფლება, ქვეყნის მასშტაბით ტაძრებში თავისუფლად ილოცოს. ეკლესიამ უარი თქვა წესების შესრულებაზე. მღვდლები მრევლს ერთი კოვზით აზიარებდნენ. ორი მღვდელი უკვე დაინფიცირდა „კოვიდ-19“-ით, მაგრამ აღდგომის მსახურება მაინც იმართება. მორწმუნეები სამების საკათედრო ტაძარში შეიკრიბებიან. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა მოუწოდეს მოქალაქეებს ქვეყნის კეთიდლღეობისთვის მოუსმინონ მეცნიერებს“, – წერს „ბიბისი“.

„ბიბისის“ ცნობით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, პანდემიის გავრცელების გამო, აღდგომის მსახურებას მორწმუნეების გარეშე ჩაატარებს.

უკრაინაში განაცხადეს, რომ თუ მრევლის წევრები შეიკრიბებიან ეკლესიებთან, მაშინ ადგილზე პოლიციას გაგზავნიან.

სააღდგომო მსახურება მორწმუნეების გარეშე ჩატარდება საბერძნეთშიც.

რუმინეთში მორწმუნეებს აღდგომის ღამეს წმინდა ცეცხლის მისაღებად ეკლესიებში მისვლა აკრძალული აქვთ. ამის ნაცვლად ცეცხლს მათ სახლებში მიუტანენ.

ბულგარეთში აღდგომის დღესასწაულზე დედაქალაქ სოფიაში კომენდანტის საათი გამოაცხადეს. ბულგარელებს სოფიას დატოვება აკრძალული აქვთ.

სერბეთსა და მონტენეგროში ეკლესიის მეთაურებმა მოუწოდეს მორწმუნეებს, სახლში დარჩნენ.

ჩრდილოეთ მაკედონიის ეკლესიაში თქვეს, რომ ისინი მრევლს ტაძარში მისვლას ვერ დაუშლიან.

დატოვე კომენტარი