„ბიბისი“ - რუმინეთის ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის შენობასთან კალინ ჯორჯესკუს მხარდამჭერების დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა
რუმინეთის ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის შენობასთან შეკრებილი ულტრამემარჯვენე კანდიდატის, კალინ ჯორჯესკუს მხარდამჭერების დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. „ბიბისის“ ინფორმაციით, აქციაზე პოლიციასთან დაპირისპირების შემდეგ, სულ მცირე, ოთხი დემონსტრანტი დააკავეს. აქციის მონაწილეები უსაფრთხოების კორდონის გარღვევას ცდილობდნენ.
მანამდე რუმინეთის ცენტრალურმა საარჩევნო ადმინისტრაციამ ულტრამემარჯვენე კანდიდატ კალინ ჯორჯესკუს მაისში არჩევნების განმეორებით ტურში მონაწილეობა აუკრძალა. რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები 24 ნოემბერს ჩატარდა, რომლის პირველი ტური, ყველასთვის მოულოდნელად, 22 პროცენტით ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ მოიგო, თუმცა რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები მეორე ტურამდე ორი დღით ადრე, 6 დეკემბერს გააუქმა. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა განაცხადეს, რომ შედეგის ბათილად ცნობის გადაწყვეტილება მიიღეს სადაზვერვო დოკუმენტების საფუძველზე, რომლებიც არჩევნების პირველ ტურზე რუსეთის გავლენას ადასტურებს. მოგვიანებით, კალინ კორჯესკუმ ოფიციალურად შეიტანა განაცხადი განმეორებით არჩევნებში კანდიდატად რეგისტრაციაზე.
ჯორჯესკუს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ექვსი ბრალდებით მიმდინარეობს, მათ შორის ფაშისტურ ორგანიზაციაში წევრობისა და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამო. ჯორჯესკუ ყველა ბრალდებას უარყოფს.