„ბიბისი“ - პროკურორები ჰანთერ ბაიდენისთვის ბრალის წაყენებას მიმდინარე თვის ბოლომდე გეგმავენ
„ბიბისი“ - პროკურორები ჰანთერ ბაიდენისთვის ბრალის წაყენებას მიმდინარე თვის ბოლომდე გეგმავენ

ფედერალური პროკურორები აშშ-ის პრეზიდენტის შვილის, ჰანთერ ბაიდენისთვის ბრალის წაყენებას მიმდინარე თვის ბოლომდე გეგმავენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ სასამართლო მასალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

საქმე ეხება ჰანთერ ბაიდენის მიერ იარაღის უკანონო ფლობას. ამასთან, ჯერჯერობით უცნობია, რა ბრალის წაყენებას გეგმავს იუსტიციის დეპარტამენტის სპეციალური პროკურორი დევიდ ვაისსი ჰანთერ ბაიდენის წინააღმდეგ.

სასამართლო მასალებიდან ირკვევა, რომ ვაისის ოფისმა ახალი ბრალის წარსადგენად უკიდურეს ვადად 29 სექტემბერი განსაზღვრა.

აშშ-ის პრეზიდენტის შვილის წინააღმდეგ ფედერალური გამოძიება ასევე მის ბიზნესგარიგებებთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

ივლისში ჰანთერ ბაიდენის პროკურორებთან საპროცესო შეთანხმება მოსამართლემ მოულოდნელად ჩაშალა.