„ბიბისი“ - ნორვეგიაში განხორციელებულ თავდასხმაში ბრალდებული პოლიციისთვის ცნობილი იყო და რადიკალიზაციის ნიშნებს ავლენდა
„ბიბისი“ - ნორვეგიაში განხორციელებულ თავდასხმაში ბრალდებული პოლიციისთვის ცნობილი იყო და რადიკალიზაციის ნიშნებს ავლენდა

ნორვეგიაში განხორციელებულ თავდასხმაში ბრალდებული პოლიციისთვის ცნობილი იყო და რადიკალიზაციის ნიშნებს ავლენდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც რეგიონული პოლიციის უფროსმა, ოლე ბრედრუპ სევერუდმა განაცხადა, პოლიციას მამაკაცთან კონტაქტი ბოლოს 2020 წელს ჰქონდა.

პოლიციის ცნობით, „მან ისლამი მიიღო და რადიკალიზაციის ნიშნებს ავლენდა“.

ნორვეგიაში მშვილდ-ისრით ხუთი ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ნორვეგიაში მცხოვრები დანიის მოქალაქე, 37 წლის მამაკაცია. მას ღამით რამდენიმე საათის განმავლობაში კითხავდნენ.

თავდასხმა ნორვეგიის ქალაქ კონგსბერგში, რამდენიმე რაიონში განხორციელდა. ხუთი გარდაცვლილის გარდა, დაშავებულია ორი ადამიანი, მათ შორის პოლიციის ოფიცერი. გამოძიების ცნობით, ეჭვმიტანილი სავარაუდოდ მარტო მოქმედებდა.

სამართალდამცველებმა თავდამსხმელის დაკავება თავდაპირველად თავდასხმიდან ექვს წუთში სცადეს, თუმცა მან გაქცევა შეძლო. ის მოგვიანებით, დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ დააკავეს.

რეგიონული პოლიციის უფროსის განცხადებით, ყველა მსხვერპლი სავარაუდოდ მას შემდეგ არის მოკლული, რაც თავდამსხმელმა პოლიციისგან თავდაპირველად მიმალვა შეძლო.