„ბიბისი“ - კორუფციული სკანდალის ფიგურანტი, ყოფილი ევროპარლამენტარი მზად არის, დაასახელოს ქვეყნები, რომლებიც ქრთამს იძლეოდნენ
„ბიბისი“ - კორუფციული სკანდალის ფიგურანტი, ყოფილი ევროპარლამენტარი მზად არის, დაასახელოს ქვეყნები, რომლებიც ქრთამს იძლეოდნენ

ევროპარლამენტში აგორებული კორუფციული სკანდალის ფიგურანტი, ყოფილი ევროპარლამენტარი პიერ ანტონიო პანცერი მზად არის, დაასახელოს ის ქვეყნები, რომლებიც ქრთამს იძლეოდნენ.

როგორც „ბიბისი“ წერს, იტალიელი ევროპარლამენტარი პიერ ანტონიო პანცერი ბელგიის პროკურატურასთან თანამშრომლობას დათანხმდა, სანაცვლოდ კი სასჯელის შემსუბუქება ითხოვა. საპროცესო გარიგების ამ ფორმას ბელგიის პროკურატურა ისტორიაში მეორედ გამოიყენებს.

პანცერი დათანხმდა კორუფციული სქემების ყველა მონაწილის ვინაობის დასახელებას, მათ შორის, ვინც ქრთამს იღებდა.

ყოფილი ევროპარლამენტარი პანცერი ერთ-ერთია იმ ოთხ ბრალდებულს შორის, რომლებიც ევროპარლამენტის კორუფციული სკანდალის ფარგლებში დააკავეს. პანცერის გარდა, ოთხ ბრალდებულს შორის არიან ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ბერძენი ევა კაილი, მისი პარტნიორი ფრანჩესკო ჯორჯი და ლობისტი ნიკოლო ფივა-ტალამანკა. ისინი ეჭვმიტანილები არიან ქრთამის აღებაში მაროკოსა და კატარისგან, უკანონო ლობიზმის სანაცვლოდ. კატარი და მაროკო ამ ინფორმაციას უარყოფენ.