„ბიბისი“ - ისრაელში სადავო სასამართლო რეფორმის გატარება შეჩერდება
„ბიბისი“ - ისრაელში სადავო სასამართლო რეფორმის გატარება შეჩერდება

ისრაელში საპროტესტო აქციების ფონზე სადავო სასამართლო რეფორმის გატარება შეჩერდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „ბიბისი“ ისრაელის კოალიციურ მთავრობაში შემავალ ულტრამემარჯვენე პარტიაზე დაყრდნობით იუწყება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა მაისში დაგეგმილი პარლამენტის შემდეგი სესიისთვის გადაიდო, რათა რეფორმა დიალოგის გზით იყოს მიღებული.

როგორც ისრაელის მედია წერს, სანაცვლოდ ისრაელის პრემიერ-მინისტრი დათანხმდა ე.წ. ეროვნული გვარდიის შექმნას, რომელსაც ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროს მეთაური იტამარ ბენ-გვირი ჩაუდგება სათავეში.

ამასთან, „ბიბისი“ წერს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრს ჯერ რეფორმის გადადების თაობაზე მიღწეული შეთანხმება არ დაუდასტურებია.

სადავო სასამართლო რეფორმა მოსამართლეების დანიშვნის პროცესში მინისტრთა კაბინეტის უფლებამოსილებას აფართოებს.

ისრაელის პარლამენტმა რეფორმა პირველი მოსმენით 20 თებერვალს დაამტკიცა.