„ბიბისი“ - ისრაელი აღიარებს, რომ 23 მარტს ღაზაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების 15 თანამშრომლის მკვლელობა სამხედროების შეცდომა იყო
„ბიბისი“ - ისრაელი აღიარებს, რომ 23 მარტს ღაზაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების 15 თანამშრომლის მკვლელობა სამხედროების შეცდომა იყო

ისრაელმა აღიარა, რომ 23 მარტს ღაზაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების 15 თანამშრომლის მკვლელობა სამხედროების შეცდომა იყო, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

ისრაელელმა სამხედროებმა პალესტინის „წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების“ სასწრაფო დახმარების მანქანების კოლონას, გაერო-ს მანქანას, ასევე სახანძრო ავტომობილს ცეცხლი რაფაჰთან გაუხსნეს. მაშინ ისრაელი ამტკიცებდა, რომ კოლონა საეჭვოდ მიუახლოვდა მათ, რადგან არ ჰქონდათ ფარები ანთებული.

ასევე, ისრაელში აღნიშნავდნენ, რომ ისინი არ იყვნენ გაფრთხილებული მანქანების გადაადგილების შესახებ. თუმცა მოგვიანებით გავრცელდა სამედიცინო პერსონალის მიერ გადაღებული ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მანქანებს ფარები ანთებული ჰქონდათ.

როგორც მედია წერს, ისრაელმა აღიარა, რომ ადრინდელი ანგარიში, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ კოლონა ჩამქრალი ფარებით მიუახლოვდა, არაზუსტი იყო და ჯარისკაცების ნაამბობს ეყრდნობოდა. ისრაელის თავდაცვის ძალებში კი ამტკიცებდნენ, რომ, სულ მცირე, ექვსი მედპერსონალი „ჰამასთან“ იყო დაკავშირებული, თუმცა ამის მტკიცებულება არ წარუდგენიათ. მოგვიანებით ასევე აღიარეს, რომ ისრაელელი ჯარისკაცების მიერ ცეცხლის გახსნისას მედპერსონალი შეიარაღებული არ იყო.