„ბიბისი“ - ღაზას სექტორში ისრაელის ავიაიერიშის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 139-მდე გაიზარდა
„ბიბისი“ - ღაზას სექტორში ისრაელის ავიაიერიშის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 139-მდე გაიზარდა

ღაზას სექტორში ისრაელის მიერ განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 139-მდე გაიზარდა, მათ შორის 39 ბავშვი და 22 ქალია. დაშავებულთა ოდენობა 1000-ს აღემატება. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ისრაელის შეიარაღებული ძალების ცნობით, ლიკვიდირებულია მოძრაობა „ჰამასის“ ათობით მებრძოლი.

ამასთან, პალესტინური მხარის ინფორმაციით, მჭიდროდ დასახლებულ ლტოლვილთა ბანაკზე განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად, ორი ოჯახის შვიდი წევრი დაიღუპა. გადარჩა მხოლოდ ხუთი თვის ჩვილი, რომელიც ნანგრევებში იყო მოყოლილი.

როგორც „ბიბისი“ წერს, ღაზაში დაშავებულთა დასახმარებლად, ეგვიპტემ სასწრაფო დახმარების ათი ეკიპაჟი გაგზავნა. სასწრაფო დახმარების ბრიგადებს დაშავებულები ეგვიპტის საავადმყოფოებში გადაჰყავთ.

ისრაელის მხარე იუწყება, რომ გასული ღამის განმავლობაში აშდოდისა და ბეერშევას მიმართულებით, ღაზას სექტორიდან 200-მდე რაკეტა გაუშვეს. ბეერშევაში იერიშის შედეგად დაშავებული 19 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია.

დატოვე კომენტარი