„ბიბისი“ - გაერო-ს შეფასებით, სპარსეთის ყურეში ომის გამო ნავთობისა და ბუნებრივი აირის შემდეგ მოსალოდნელია საკვების, დასვენების, ტაქსის მომსახურების, მანქანების და სესხების გაძვირებაც
გაერო-სა და ეკონომისტების შეფასებით, სპარსეთის ყურეში ომის გამო ნავთობისა და ბუნებრივი აირის შემდეგ მოსალოდნელია საკვების, დასვენების, ტაქსის მომსახურების, ტელეფონების, მანქანებისა და იპოთეკური სესხების გაძვირებაც.
როგორც „ბიბისის“ სტატიაშია აღნიშნული, გაერო-ს და ეკონომისტების მოსაზრებით, ყველაზე მეტად დაზარალდება იმ განვითარებადი ქვეყნების ბიზნესი და მოსახლეობა, რომლებიც ენერგომატარებლების, სასუქებისა და საკვები პროდუქტების იმპორტზე არიან დამოკიდებული.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, ომის გამო ამჟამად ჰორმუზის სრუტის გავლით მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტების 15%-ის მიწოდება შეჩერებულია. ასევე, სპარსეთის ყურეში ნავთობის მოპოვება და გადამუშავება განახევრებულია, ხოლო ომის გახანგრძლივებასთან ერთად იზრდება სანავთობე ინფრასტრუქტურის დაზიანებისა და განადგურების საფრთხეც.
„ბიბისის“ ცნობით, ომის გამო უკვე გაძვირდა დიზელი, რომელსაც აქტიურად იყენებენ სასოფლო-სამეურნეო და სატვირთო გადაზიდვების სექტორებში. ასევე მოიმატა ფასმა საავიაციო ნავთობზე, რომლის 20 პროცენტს მსოფლიო ბაზარი სპარსეთის ყურის ქვეყნებისგან იღებს. შედეგად, 6 მარტიდან სამოქალაქო ავიაციისთვის საწვავის ფასი სინგაპურში გასამმაგებულია, ხოლო ევროპაში 2,5-ჯერ არის გაზრდილი. ამასთან, ავიაკომპანიებისთვის მიყენებული ზიანი არ შემოიფარგლება მხოლოდ საწვავის გაძვირებით. რიგ ქვეყნებში დახურული საჰაერო სივრცის გამო კომპანიებს ფრენების შესრულება გრძელი მარშრუტებით უწვეთ.
„ბლუმბერგის“ ცნობით, ალტერნატიულ მარშრუტებზე ბილეთების დეფიციტმა სიდნეიდან ლონდონში ფრენა ორჯერ გააძვირა, ხოლო სინგაპურიდან ლონდონში ავიაბილეთების ფასი სამჯერ ძვირია.
გაერო-ში აცხადებენ, რომ აშშ-ის, ისრაელისა და ირანის ომი მსოფლიოს ასევე სასურსათო კრიზისით ემუქრება.
გაერო-ს ექსპერტების შეფასებით, ნავთობისა და ბუნებრივი აირის გაძვირება გამოიწვევს საკვებისა და სასუქის ფასის მატებას.
სტატისტიკური მონაცემებით, ომამდე მსოფლიო ბაზარს სასუქების მესამედი სპრასეთის ყურის ქვეყნებიდან მიეწოდებოდა. ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო, უპირველეს ყოვლისა, დაზარალდებიან დაბალშემოსავლიანი ქვეყნები. მაგალითისთვის, სუდანში სასუქის 50% სპარსეთის ყურიდან შედის. ამ მიწოდებებზე არიან დამოკიდებული ასევე შრი-ლანკა და ტანზანია, პაკისტანი, ტაილანდი, კენია.
„ბიბისის“ სტატიაში ნავთობის კრიზისის მეორად შედეგებად დასახელებულია ინფლაციის ეფექტი ეკონომიკაზე, რაც ეროვნულ ბანკებს საკრედიტო განაკვეთების გაზრდისკენ უბიძგებს. ეს კი, თავის მხრივ, „ზღუდავს ბიზნესის განვითარების შესაძლებელობას, ხოლო მოსახლეობის მსყიდველუნარანობა იკლებს. ინფლაციის გამო იპოთეკური სესხების გაძვირება, თავის მხრივ, იწვევს უძრავ ქონებაზე მოთხოვნის შემცირებას, გაძვირებული კრედიტები ამცირებს მოთხოვნას ავტომობილებზე, ტექნიკაზე, გართობაზე და ა.შ. შესაბამისად, საცალო ვაჭრობა და მშენებლობის სფერო ორმაგ დარტყმას მიიღებს – ფასები ნედლეულსა და ტრანსპორტზე მოიმატებს, ხოლო მოთხოვნა შემცირდება. შემოსავლების შემცირება კი ადამიანებს აიძულებს, ნაკლები დახარჯონ რესტორნებზე, ტაქსებზე, სასტურმროებზე და ა.შ.“
გაერო-ს განცხადებით, ნორმალურ ცხოვრებასთან დაბრუნება შეუძლებელი იქნება, ვიდრე ომი გრძელდება, ხოლო შედეგები სრულად მხოლოდ მისი დასრულების შემდეგ გამოვლინდება.
„ეკონომიკური ზიანი, როგორც რეგიონისთვის, ისე მთელი მსოფლიოსთვის, დამოკიდებული იქნება კონფლიქტის ხანგრძლივობაზე, ინტენსიურობასა და მასშტაბებზე“, – აცხადებენ გაერო-ში.