„ბიბისი“ – ესპანეთსა და საფრანგეთში ტყის ხანძრებს ამ დრომდე ვერ აქრობენ, ევაკუირებულია 330 000-ზე მეტი ადამიანი
ესპანეთსა და საფრანგეთში ტყის ხანძრებს ამ დრომდე ვერ აქრობენ, ევაკუირებულია 330 000-ზე მეტი ადამიანი, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
გამოცემა წერს, რომ საფრანგეთში, ქალაქ ბორდოსთან მეხანძრეები მასშტაბური ტყის ხანძრების ლოკალიზებას ცდილობენ. ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ღამის განმავლობაში დაახლოებით 55 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ბორდოს მერის განცხადებით, ხანძარი ქალაქის გარეუბნებიდან – დაახლოებით 15 კილომეტრში, ხოლო ცენტრიდან 25-30 კილომეტრის დაშორებითაა. მისი თქმით, ამ ეტაპზე ბორდოს ევაკუაციის საჭიროება არ არის, თუმცა ყველა შესაძლო სცენარისთვის ემზადებიან.
ხანძარმა უკვე 42 000 ჰექტარი ტყე გაანადგურა, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ტყის ხანძრად ითვლება. წლის დასაწყისიდან ქვეყანაში მთლიანობაში 100 000 ჰექტარზე მეტი ტერიტორია დაიწვა, ხოლო სამხრეთ-დასავლეთ რეგიონებიდან 220 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული. ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობს 2 500 მეხანძრე, მათ შორის შვეიცარიის სამაშველო ჯგუფი, ასევე 1 500 სამხედრო და თითქმის 1 200 პოლიციელი და ჟანდარმი.
ამასთან, რთული ვითარებაა ესპანეთში. მადრიდისა და ავილის მიმდებარე რეგიონებიდან 90 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, ხოლო ახალი ხანძრის კერა ვალენსიის მახლობლად გაჩნდა. ვალენსიის რეგიონის პრეზიდენტის, ხუანფრან პერეს ლორკას განცხადებით, ცეცხლი იმდენად ძლიერია, რომ მისი ჩაქრობა არსებული რესურსებით შეუძლებელია. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ ქვეყანას რთული საათები ელოდება.