„ბიბისი“ - ერაყში საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამენტში შეიჭრნენ, დაშავდა სულ მცირე 60 ადამიანი
„ბიბისი“ - ერაყში საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამენტში შეიჭრნენ, დაშავდა სულ მცირე 60 ადამიანი

ერაყში საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამენტში შეიჭრნენ, დაშავდა სულ მცირე 60 ადამიანი, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ექვსი დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია. ერაყელი შიიტი იმამის, მოქთადა ალ-სადრის მომხრეებმა დღეს კიდევ ერთხელ შეძლეს ბაღდადის ე.წ. მწვანე ზონაში შეღწევა, სადაც უცხო ქვეყნების საელჩოები და სახელისუფლებო შენობები მდებარეობს.

თავდაპირველად მათ ერაყის უმაღლესი სასამართლოს შენობის დაკავება სცადეს, შემდეგ კი საკანონმდებლო ორგანოში შეიჭრნენ. აქციის მონაწილეები ქვეყნის პრემიერ-მინისტრად პროირანელი კანდიდატის წარდგენას ეწინააღმდეგებიან. საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა გამოიყენეს წყლის ჭავლი და ცრემლსადენი აირი. ალ-სადრის პოლიტიკურმა ბლოკმა შარშან ოქტომბერში გამართულ არჩევნებში ხმათა უმრავლესობა მოიპოვა, თუმცა პოლიტიკური კრიზისის გამო, ხელისუფლებაში მოსვლას ვერ ახერხებს.