„ბიბისი“ - დონალდ ტრამპი მექსიკურ ნარკოკარტელებს ტერორისტულ ორგანიზაციებად აღარ გამოაცხადებს
„ბიბისი“ - დონალდ ტრამპი მექსიკურ ნარკოკარტელებს ტერორისტულ ორგანიზაციებად აღარ გამოაცხადებს

დონალდ ტრამპი მექსიკურ ნარკოკარტელებს ტერორისტულ ორგანიზაციებად აღარ გამოაცხადებს. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება თეთრი სახლის ლიდერმა მექსიკის პრეზიდენტის თხოვნის საფუძველზე მიიღო.

როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, მის მექსიკელ კოლეგას პატივს სცემს, რადგან ის აშშ-ის მთავრობასთან აქტიურად თანამშრომლობს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განმარტებით, ნარკოკარტელების ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოცხადება მხოლოდ დროებით გადადო. მანამდე ვაშინგტონი და მექსიკის ხელისუფლება ერთობლივად ეცდებიან ნარკოკარტელების დამარცხებას.

ცოტა ხნის წინ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ მექსიკაში მოქმედ ნარკოკარტელებს ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოაცხადებდა. დონალდ ტრამპმა ნარკოკარტელებისთვის ომის გამოცხადებაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც 4 ნოემბერს მექსიკის ტერიტორიაზე აშშ-ისა და მექსიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე სამი ქალი და ექვსი ბავშვი მოკლეს.

მექსიკაში ნარკოკარტელებს შორის დაპირისპირებამ ათობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 2017 წლის სტატისტიკური მონაცემებით, მსხვერპლთა რიცხვი 30 ათასს აჭარბებს.

დატოვე კომენტარი