„ბიბისი“ – დონალდ ტრამპ უმცროსი და მისი მეუღლე ადასტურებენ, რომ მათი ქორწილის ხარჯების ნაწილი ვლადიმერ პუტინის მოკავშირე ოლიგარქმა დაფარა
აშშ-ის პრეზიდენტის შვილი დონალდ ტრამპ უმცროსი და მისი მეუღლე ბეტინა ტრამპი ადასტურებენ, რომ მაისში გამართული მათი ქორწილის ხარჯების ნაწილი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოკავშირემ დაფარა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
„ბიბისის“ ცნობით, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბაჰამებზე, კერძო კუნძულზე გამართული სამდღიანი საქორწილო ზეიმის ორი ღამე ნაწილობრივ დააფინანსა რუსმა ოლიგარქმა, უმარ კრემლევმა, რომელსაც პუტინთან ახლო კავშირები აქვს.
„ეს იყო მეგობრისგან მიღებული განსაკუთრებულად გულუხვი საქორწილო საჩუქარი, რისთვისაც მაშინაც და ახლაც ძალიან მადლიერი ვართ“, – ნათქვამია წყვილის განცხადებაში.
განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ProPublica-მ გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ კრემლევმა ზეიმისთვის ასობით ათასი დოლარი გადაიხადა.
როგორც „ბიბისი“ წერს, დონალდ ტრამპ უმცროსი კერძო პირია, ამიტომ უცხო ქვეყნის მოქალაქისგან საჩუქრების მიღება მისთვის უკანონო არ არის.
თუმცა ეთიკის საკითხებზე მომუშავე ჯგუფებმა განაცხადეს, რომ ეს მაინც ქმნის ინტერესთა კონფლიქტის შთაბეჭდილებას, რადგან პრეზიდენტის ვაჟმა მიიღო ძვირად ღირებული საჩუქრები უცხო ქვეყნის მეთაურთან დაკავშირებული პირისგან, მიუხედავად იმისა, რომ თავად აშშ-ის მთავრობის თანამშრომელი არ არის. როგორც ორგანიზაციები აღნიშნავენ, ადამიანები ასობით ათას დოლარს უბრალო ნაცნობს არ ჩუქნიან, თუ სანაცვლოდ რაღაცის მიღება არ სურთ.
ProPublica-ს სტატიის თანახმად, წყვილმა ქორწილი ბაჰამის კუნძულებზე მდებარე კერძო კუნძულზე გადაიხადა, შემდეგ კი ორდღიანი ზეიმი სხვა კუნძულზე გამართა, რომლის ქირაობა ღამეში დაახლოებით 100 000 დოლარი ღირს. გამოძიების თანახმად, კრემლევმა ასევე გადაიხადა წვეულების სხვა ხარჯები, მათ შორის, დაახლოებით, 70 000 დოლარის ღირებულების ფოიერვერკი.
როგორც მედია წერს, კრემლევი ქორწილის მხოლოდ ნაწილს დაესწრო. სტუმრებს შორის იყვნენ აშშ-ის პრეზიდენტის ერთ-ერთი ქალიშვილი ივანკა ტრამპი და მისი მეუღლე ჯარედ კუშნერი.